გიორგი სოსიაშვილი: უკრაინაში, როდესაც მიკიტა პოტურაევი გახლდათ რადას დეპუტატი და ერთ-ერთი კომიტეტის ხელმძღვანელი, თვითონ მოაწერა კანონპროექტს ხელი, რომელიც უკრაინაში სხვადასხვა პარტიის აკრძალვას ითვალისწინებდა - უკრაინაში 22 პარტიაა აკრძალული და მაშინ რატომ არ გამოხატავდა შეშფოთებას
პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ბატონ მიკიტა პოტურაევის გასარჩევი და გასარკვევი არ არის საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესები, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა.
ის ასე გამოეხმაურა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის და უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის მიკიტა პოტურაევის განცხადებას, რომელშიც პოტურაევმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას შემაშფოთებელი უწოდა.
გიორგი სოსიაშვილმა გაიხსენა, რომ პოტურაევმა რადის დეპუტატობის დროს თავად მოაწერა ხელი უკრაინაში პარტიების აკრძალვის კანონპროექტს.
„მთელ საზოგადოებას ახსოვს, რომ უკრაინაში, როდესაც ის გახლდათ რადას დეპუტატი და ერთ-ერთი კომიტეტის ხელმძღვანელი, თვითონ მოაწერა კანონპროექტს ხელი, რომელიც უკრაინაში სხვადასხვა პარტიის აკრძალვას ითვალისწინებდა. ბევრი პარტია აიკრძალა - უკრაინაში 22 პარტიაა აკრძალული და მაშინ რატომ არ გამოხატავდა შეშფოთებას, როცა საკუთარ ქვეყანაში თავად კრძალავდა ამ პარტიებს ოპოზიციური განწყობებიდან და მათთვის არასასურველი პოზიციიდან გამომდინარე. საქართველოში კი როცა ანტიკონსტიტუციური ძალების აკრძალვაზეა ლაპარაკი, მიკიტას და მიკიტას მსგავს ადამიანებს უნდა შევეკითხოთ, ავკრძალოთ თუ არა, საქართველოს პოლიტიკურ ველზე უნდა იყვნენ თუ არა ასეთი ანტიკონსტიტუციური პარტიები? ეს ხომ წარმოუდგენელია”, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.





