თორნიკე ჭეიშვილი „ალდეს“ განცხადებაზე: ჩვენ აქამდეც გვინახავს არაერთი გამოვლინება იმისა, თუ როგორი ორკესტრირებული თავდასხმების მცდელობები ჰქონიათ მათ როგორც ქართულ მართლმსაჯულებაზე, ისე ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე
პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილი ეხმაურება „ალდეს“ განცხადებას, რომლითაც „ალდე“ კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გმობს.
ჭეიშვილი აღნიშნავს, რომ უხეში გარე ჩარევის მცდელობა აქამდეც არაერთხელ ყოფილა.
„ჩვენ აქამდეც გვინახავს არაერთი გამოვლინება იმისა, თუ როგორი ორკესტრირებული თავდასხმების მცდელობები ჰქონიათ მათ ქართულ მართლმსაჯულებაზე - შეიძლება არაერთი მცდელობა გავიხსენოთ როგორც მართლმსაჯულებაში უხეში ჩარევის, ისე ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე. საბოლოო ჯამში, ამ ე.წ. პარტიების სახით ჩვენ საქმე გვაქვს აგენტურულ წარმონაქმნებთან, რომლებიც პირდაპირ დირექტივებს ემორჩილებიან და მათი გარე პატრონებისაგან“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
აღნიშნულ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა: „არაკონსტიტუციური ხუთიანი არის სინამდვილეში ერთი პოლიტიკური პარტია და ამ პოლიტიკურ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა, ამას ჰქვია მეხუთე კოლონა. როდესაც ასეთ პოლიტიკურ სუბიექტს ესარჩლებიან ქვეყნის გარედან, ეს მეტყველებს თავისთავად იმ მხარეზე, რომელიც არის ამ გამოსარჩლების ავტორი“.
„ალდეს“ განცხადებას დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. „ALDE დღემდე არ გამიჯვნია მისი წევრის, პარტია „ლელოს“ გადაწყვეტილებას ტერორისტთან პარტიული კავშირის და თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე. სანამ ALDE არ გაემიჯნება ტერორისტის მოკავშირე „ლელოს“, საქართველოსთან დაკავშირებით ALDE-ს ხელმძღვანელობის ნებისმიერი განცხადება უნდა განვიხილოთ, როგორც ტერორისტის მფარველი გაერთიანების განცხადება“, - დაწერა შალვა პაპუაშვილმა.





