სოფო ნიკოლაიშვილი საგამოძიებო კომისიის ანგარიშზე, რომელიც საკონსტიტუციო სარჩელს საფუძვლად უდევს: მე რომ მკითხოთ, ეს დოკუმენტი უნდა იყოს უნივერსიტეტებში. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ფაშიზმის ქრონიკები. ეს არის ჩვენი უახლესი ისტორია. ეს არის მსხვერპლთა მიერ მოყოლილი შემზარავი ფაქტები
პოლიტიკა

სოფო ნიკოლაიშვილი
ვიდეო/კადრი
ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საკონსტიტუციო სამართლოში მიმდინარე პროცესები შეაფასა.
მან სტუდიაში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიში მიიტანა, რომელიც საფუძვლად უდევს საკონსტიტუციო სარჩელს.
როგორც სოფო ნიკოლაიშვილმა განმარტა, აღნიშნული დოკუმენტი 365 გვერდისგან შედგება, სადაც ფაქტებით და კონკრეტული დაზარალებულების მიერ არის აღწერილი ის სისასტიკე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი სჩადიოდა.
„რამხელა თავხედობაა, როდესაც ვისმენთ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოზე გამოსული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგან, რომ თხზულებაზე დაყრდნობილი სარჩელია. ეს ყოფილა თურმე თხზულება. წარმოუდგენელი თავხედობაა იმიტომ, რომ ეს არის კონკრეტულ მსხვერპლთა ჩვენებები. ეს არის დაღუპული ოჯახების ჩვენებები“, - განაცხადა სოფო ნიკოლაშვილმა.
მან მაგალითად მოიყვანა ნანა ქადაგიშვილის მიერ მოყოლილი ამბავი.
„გივი თარგამაძე მივიდა, 22 მილიონი ლარი მოსთხოვა რევოლუციის დაფინანსებისთვის მის მეუღლეს. აქედან დაიწყო ეს ჯოჯოხეთი. აღარ ჰყავს მას ქმარი, არ ჰყავს შვილი. ფაქტობრივად ციხეში მოუკლეს. გამოვიდნენ თუ არა, დაიხოცნენ მისი ოჯახის წევრები. ამას დღეს კომიკურს და თხზულებას უწოდებენ [ნაცმოძრაობის წევრები].
მე რომ მკითხოთ, ეს დოკუმენტი უნდა იყოს უნივერსიტეტებში. ეს არის თანამედროვე ფაშიზმის ქრონიკები, „ნაციონალური მოძრაობის“ ფაშიზმის ქრონიკები. სააკაშვილმა რომ აღიარა, როგორ დახვრიტეს სერჟანტი, სააკაშვილის აღიარებამდე ევროსასამართლომ დაამტკიცა, რომ როინ შავაძე მოკლეს. ის გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე პენტაგონმა დააჯილდოვა, [როგორც] 2008 წლის აგვისტოს [ომის] მონაწილე და სააკაშვილი მას რუსეთის აგენტს უწოდებს. არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, არანაირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ და ადამიანი უბრალოდ გააქრეს, დახვრიტეს.
ამიტომ ეს დოკუმენტი უნივერსიტეტებში უნდა იდოს. ეს არის ჩვენი უახლესი ისტორია. ეს არის მსხვერპლთა მიერ მოყოლილი შემზარავი ფაქტები“, - განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.





