გურამ მაჭარაშვილი საქართველო-რესეთის ურთიერთობაზე: ჩვენ ვემხრობით პრაგმატულ პოლიტიკას, რაც გულისხმობს ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარებას
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების მიზანშეწონილობაზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ილაპარაკა. როგორც მან განაცხადა, წლების განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს, რუსეთთან ურთიერთობები ლაგდებოდა იმის მიხედვით, თუ რა სურდათ ნაციონალური მოძრაობის პატრონებს.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, ის ძალები, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოში მართული ხელისუფლება ჰყოლოდათ და რუსეთთან ქვეყნის ურთიერთობაც მათი ინტერესის შესაბამისი ყოფილიყო, თავად არ წყვეტდნენ კავშირებს მოსკოვთან.
„2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მიუხედავად, „ნაცმოძრაობა“ რუსეთთან ჩახუტებული იყო და სააკაშვილი ჭიქითა და ყვავილებით ხელში ხვდებოდა რუს ტურისტებს, რადგან მაშინ ასე აწყობდათ. 2022 წლის შემდეგ კი, როგორც ჩანს, პატრონებმა უთხრეს, შეცვალეთ რიტორიკა და რუსეთი მტერია იძახეთო და ა.შ. მათაც შეცვალეს რიტორიკა. თუმცა, ამავდროულად, შეერთებული შტატებს ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს რუსეთთან, ევროკავშირის ქვეყნებსაც პირდაპირი სავაჭრო კავშირები აქვთ და არც ჩინეთის ფაქტორი უნდა დაგვავიწყდეს. როცა ჩვენ გვაკრიტიკებდნენ ჩინეთთან სტრატეგიული ხელშეკრულების გაფორმების გამო, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირდაპირ კავშირებზე გადიოდა პეკინთან,“ - განაცხადა დეპუტატმა.
დეპუტატმა ასევე ილაპარაკა საქართველოს ინტერესზე და განაცხადა, რომ ქვეყნის ინტერესი რუსეთთან ურთიერთობაში პრაგმატულ პოლიტიკას ემყარება.
„ჩვენ ვემხრობით პრაგმატულ პოლიტიკას, რაც გულისხმობს ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარებას. როდესაც ევროკავშირის ქვეყნებს ეკითხებიან, თუ რატომ აქვთ ურთიერთობა რუსეთთან, ისმის პასუხები, რომ ახლა პოლონეთს, საფრანგეთს, ამერიკას სჭირდება გაზი, სურსათი, იშვიათი ლითონები და ა.შ. საქართველოს არ სჭირდება არაფერი? მათ თუ სჭირდებათ ოკუპანტ რუსეთთან ურთიერთობა, საქართველოს არ სჭირდება არაფერი, რომ შეგვატოვეს რუსეთს პირისპირ? ჩვენ გვეუბნებიან, რომ უნდა შევებრძოლოთ და სანქციები დავუწესოთ - შედეგს კი, რაც ამას შეიძლება მოჰყვეს, ყველა ხედავს უკრაინის მაგალითზე,“ - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.



