ნინო წილოსანი: უმნიშვნელოვანესი ისტორიული პროცესი მიმდინარეობს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სარჩელი, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ქართველი ხალხის სარჩელს იმ ხუთი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, რომლებიც სისტემატურად, განუწყვეტლივ, აგრესიულად ეწეოდნენ საქართველოს კონსტიტუციის უგულებელყოფას
პოლიტიკა

ნინო წილოსანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სარჩელი, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ქართველი ხალხის სარჩელს იმ ხუთი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, რომლებიც სისტემატურად, განუწყვეტლივ, აგრესიულად ეწეოდნენ საქართველოს კონსტიტუციის უგულებელყოფას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.
წილოსანის თქმით, აღნიშნული პარტიები საქართველოს წინააღმდეგ უცხოელებთან თანამშრომლობდნენ.
„უმნიშვნელოვანესი, ისტორიული პროცესი მიმდინარეობს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სარჩელი, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ქართველი ხალხის სარჩელს იმ ხუთი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, რომლებიც სისტემატურად, განუწყვეტლივ, აგრესიულად ეწეოდნენ საქართველოს კონსტიტუციის უგულებელყოფას; [ცდილობდნენ] კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. უცხოელებთან საქართველოს წინააღმდეგ თანამშრომლობდნენ. მოუწოდებდნენ და იყენებდნენ ძალას ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ვინ ჩამოთვლის იმ გრძელ ჩამონათვალს, რომელიც დღეს ძალიან დეტალურად წარმოადგინა არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენი სარჩელი, რომელიც არის ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც ქართველი ხალხის წინაშე, არის ის აუცილებელი მინიმუმი, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოში ნებისმიერმა პასუხისმგებლობიანმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გააკეთოს. ვფიქრობ, რომ ეს საკვანძოდ მნიშვნელოვანია არამხოლოდ იმისთვის, რათა კონსტიტუცია არ იყოს უბრალოდ ფურცელზე დაწერილი რაღაც ნორმები და დემოკრატია მხოლოდ ამოსროლილი სიტყვები, არამედ ამ პრინციპებმა რეალურად იმუშაოს. ამავდროულად, ეს არის ის მინიმუმი, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ქართველი ხალხის წინაშე აღებული პასუხისმგებლობის და ვალდებულების ნაწილში, ვინაიდან ჩვენ ვართ ქართველი ხალხის ნების აღმსრულებელი“, - აღნიშნა მან.




