მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თურქეთის ელჩს შეხვდა
პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.
მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დაკავშირებადობის საკითხებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია. ხაზი გაესვა ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, რაც მყარ საფუძველს ქმნის ორივე ქვეყანაში სტუმართა ნაკადების სამომავლო ზრდისთვის.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობას.
მსჯელობა შეეხო მაღალი დონის ვიზიტებს და ასევე საგანმანათლებლო და კულტურის სფეროებში თანამშრომლობას.
მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ერთობლივი რეგიონული პროექტები.




