შალვა პაპუაშვილი: გახარიას პარტიას დღემდე არ აქვს აღიარებული საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმაცია. იქ სხედან, ხელფასსაც იღებენ, პარტიულ დაფინანსებასაც
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გახარიას პარტიას დღემდე არ აქვს აღიარებული საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმაცია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამ პარტიის წევრები პარლამენტში სხედან, ხელფასსაც იღებენ, პარტიულ დაფინანსებასაც, მაგრამ აქ არანაირი გამონაკლისი დემოკრატიის მტრობის მხრივ არ არის და არანაირ სხვა პირობებში ისინი არ არიან.
„კითხვა დაისვა, ზოგიერთი პარტია შემოვიდა პარლამენტშიო. შემოვიდა, განა სინამდვილეში აღიარეს. განცხადება მინდა მოგიყვანოთ ლევან გოგიჩაიშვილის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“. ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ერთი წლის თავზე, 2025 წლის ოქტომბერში გახარიას პარტია გააქტიურდა პარლამენტში. მან თქვა, რომ „ის მანდატები, რა მანდატებსაც დღეს „ქართული ოცნება“ ფლობს, არის არჩევნების გაყალბების შედეგად მიღებული მანდატების რაოდენობა, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაღიარებთ არც ახლა პარლამენტის ლეგიტიმაციას“.
ასე, რომ „გახარიას“ [პარტიას] დღემდე არ აქვს აღიარებული საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმაცია. იქ სხედან, ხელფასსაც იღებენ, პარტიულ დაფინანსებასაც, მაგრამ აქ არანაირი გამონაკლისი არ არის დემოკრატიის მტრობის მხრივ, არანაირ სხვა პირობებში ისინი არ არიან“, - აღნიშნა მან.





