შალვა პაპუაშვილი: ყველაზე კარგი დასტური, რომ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა არის გამართული, არის ის ფაქტი, რომ ყველა საკითხზე, რომელსაც დიდი რეზონანსი ჰქონდა, ქართული მართლმსაჯულება გამართლდა, გამტყუნდა ყველა კრიტიკოსი
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ყველაზე კარგი დასტური, რომ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა არის გამართული, არის ის ფაქტი, რომ ყველა საკითხზე, რომელსაც დიდი რეზონანსი ჰქონდა ქართული მართლმსაჯულება გამართლდა, გამტყუნდა ყველაკრიტიკოსი, - განაცხადა გადაცემაში "ღია ეთერი" პარლამენტის თავმჯდომარემ და პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა ეკა ონიანის კითხვის პასუხად, რომელიც "თავისუფალი ხალხის" პარტიას წარმოადგენს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დაუშვებელია პირადი აზრის საზოგადოების აზრად წარმოჩენის მცდელობა და საუბარი სასამართლო სისტემის უავტორიტეტობაზე ისე, თითქოს ეს საზოგადოების აზრია.
„გამჭვირვალობის კანონი გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, დაყენებული იყო მოთხოვნა, რომ შეეჩერებინა კანონის მოქმედება. არ შეაჩერა, სკანდალი, ყვირილი, გარედან, შიგნიდან, ევროპარლამენტი, ბრიუსელი. წავიდა იგივე საქმე სტრასბურგში ადამიანის უფლებათა სასამართლოში და დღემდე არ გვაქვს პასუხი, მოსარჩელემ მოითხოვა თუ არა დროებითი ღონისძიება ანუ კანონის შეჩერება. როგორც ჩანს, ან მოითხოვეს და უარი მიიღეს, ან არც მოუთხოვიათ, რადგან წინმსწრებად იცოდნენ, რომ შეცერების საფუძველი არ არსებობდა. ხომ გამოჩნდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სტანდარტი არის სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტის შესაბამისი?", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





