საკონსტიტუციო სასამართლომ, პარტიების აკრძალვის სარჩელზე სასამართლო განხილვის ერთი თვით გადადების შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
პოლიტიკა

ფოტო: იმედი/კადრი
საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის სარჩელზე „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა, სასამართლო განხილვის გადადებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა.
როგორც გადაწყვეტილების გამოცხადებისას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ რევაზ ნადარაიამ აღნიშნა, განჩინება საბოლოოა.
„საქართველოს სახელით არ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის, „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა, არსებითი განხილვის სხდომის გადადების თაობაზე. განჩინება საბოლოოა“, - აღნიშნა ნადარაიამ.
მანამდე, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვასთან დაკავშირებული სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა. როგორც პარტიის წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ შუამდგომლობის დასაბუთებისას აღნიშნა, მათ შემთხვევაში დაცული არ არის შესაგებლის მომზადებისთვის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადა, რაც არღვევს პროცედურული სამართლიანობის წესს.
ბერდია სიჭინავას თქმით, სხდომა ერთი თვის ვადით უნდა გადაიდოს, ათვლა კი 13 ოქტომბრიდან დაიწყოს. შუამდგომლობას, პროცესში მონაწილე სამივე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო-ძლიერი საქართველო“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ დაეთანხმა.
მოსარჩელე მხარე შუამდგომლობას არ დაეთანხმა. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომელიც სხდომაზე „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, არც რეგლამენტში, არც ორგანულ კანონში და არც კონსტიტუციაში არ წერია, რომ შესაგებლის წარუდგენლობა აფერხებს საკონსტიტუციო სარჩელის, ან წარდგინების განხილვას.





