ეკა სეფაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით დასავლეთის რეაქციაზე: ეს არის ძალიან უხეში ჩარევა საქართველოს სასამართლოს სისტემაში. მათ ვერ შეძლეს საქართველოს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაში შემოღწევა და ეს სისტემა რომ დამოუკიდებელია, ამას ისევ მათივე ანგარიშები და რეიტინგები მოწმობს
პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი
პარტია „ხალხის ძალა“
ეს არის ძალიან უხეში ჩარევა საქართველოს სასამართლოს სისტემაში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა „დღის ქრონიკაში“ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით ევრობიუროკრატების კრიტიკაზე.
მისი თქმით, მოწოდება, რომ შეწყდეს საკონსტიტუციო განხილვა, არის ღია და უხეში ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში.
„ეს არის სწორედ იმის გამოვლინება, რაც მათ უნდოდათ გაეკეთებინათ ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვით. გახსოვთ, რომ ჩვენ თავს გვახვევდნენ ვეტინგის სისტემას. ვეტინგის სისტემა ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მოსამართლეები უნდა შეირჩნენ უცხოელი „ენჯეოების“ ან პოლიტიკოსების მიერ. ამას ცდილობდნენ იმიტომ, რომ შემდგომში სასამართლო სისტემას მიეღო ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც მათ ესიამოვნებოდათ. ჩვენ ვნახეთ მსგავსი პრეცედენტი, მაგალითად, რუმინეთში, როდესაც არჩევნების შედეგები, რომელიც არ მოეწონათ, უბრალოდ, გააუქმა სასამართლომ, რომელიც უცხოური ძალების დაკვეთას ასრულებდა.
ეს არის პირდაპირი უხეში ჩარევა იმიტომ, რომ მათ ვერ შეძლეს საქართველოს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაში შემოღწევა და ეს სისტემა რომ დამოუკიდებელია, ამას ისევ მათივე ანგარიშები და რეიტინგები მოწმობს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების დაცვით და სრულიად დასაბუთებული სარჩელის საფუძველზე.
ეკა სეფაშვილის განცხადებით, პოლიტიკური განცხადებები დასავლეთიდან სულ ისმის იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელთაც საქართველო ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე დგამს, ვინაიდან ეს გარე ძალების დღის წესრიგში არ ჯდება.
მან მაგალითისთვის „გამჭვირვალობის კანონი“ მოიყვანა, რომლის გამოც საქართველოს აკრიტიკებდნენ და საბოლოოდ ქვეყნების უმეტესობამ ანალოგიური კანონი დაამტკიცა.




