არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ აღნიშნულ პარტიებს 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას ედავებიან.
მანვე აღნიშნა, რომ ყველამ კარგად იცის, რასაც ედავებიან და რატომ არის მათი პარტიები ასაკრძალავი.
„ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი, რაც აშკარად არის სარჩელში მითითებული, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში. დანარჩენი - რა მტკიცებულებით, რომელთან რა მიმართებით, ეს არსებითად როდესაც გადავალთ ამ საკითხზე, მაგაზე ვიმსჯელებთ და კონკრეტული [საკითხის] მიმართ კონკრეტულ მტკიცებულებას განვიხილავთ.
ამიტომ ძალიან გთხოვთ მოეშვით ახლა ტელევიზიებისთვის მიმართვას და ეკრანებზე საუბარს, რომ თითქოს აქ ვერავის გაურკვევია, რას განვიხილავთ. ყველამ ძალიან კარგად იცის. ვინ ვინ და თქვენ იცით ძალიან კარგად, რატომ ხართ არაკონსტიტუციურები და რატომ არის თქვენი საქმე და თქვენი პარტიები ასაკრძალავი“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.




