ლევან არველაძემ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა
პოლიტიკა

ფოტო: თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ლევან არველაძემ მოსახლეობას 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშის წარდგენას თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის წევრები, მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ლევან არველაძემ საკრებულოს საქმიანობის ძირითადი საკითხები მიმოიხილა და დამსწრე საზოგადოებას საკრებულოსა და ბიუროს სხდომების, მიღებული აქტებისა და ფრაქციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ლევან არველაძემ, როგორც თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიისა და თბილისის მერიასთან არსებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის“ წევრმა, აღნიშნული კომისიების საქმიანობა მიმოიხილა და განხილულ საკითხებზე დეტალურად ილაპარაკა.
მისი განცხადებით, საანგარიშო პერიოდში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ 293 საკითხი განიხილა, მათ შორის ქონების მართვის სააგენტოდან შემოსული 260 პროექტი, რომლებიც საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ეხებოდა.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი პროგრამა თბილისის მერის ინიციატივით 2017 წელს დაიწყო და დღემდე მის ფარგლებში საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხი 3 195 ოჯახს დადებითად გადაუწყდა. ამასთან, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ უძრავი ქონების იჯარით გადაცემასთან დაკავშირებული 70 პროექტი განიხილა.
ლევან არველაძემ პრეზენტაციის დროს დედაქალაქის ბიუჯეტის შესახებ ილაპარაკა და აღნიშნა, რომ თბილისის 2026 წლის ბიუჯეტი ცვლილებების შემდეგ 2 მილიარდ 663 მილიონ 350 ათას ლარს შეადგენს.
ლევან არველაძემ დედაქალაქის ბიუჯეტის პრიორიტეტულ თემებზე ილაპარაკა, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების დაფინანსებაზე.
მან ასევე მიმოიხილა ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის საქმიანობა.
მისი ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში მონაწილეობა მიიღო კომისიის 16 სხდომაში, რომლებზეც კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციასა და ჩანაცვლებასთან დაკავშირებული 75 პროექტი განიხილეს. ამასთან, დამტკიცდა ავარიული შენობების ჩანაცვლების ოთხი ფინანსური მოდელი.
ლევან არველაძე დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ დაზარალებული ოჯახების პრობლემების მოგვარების მიზნით მოქმედი პროგრამების ფარგლებში ჯამში 20 657 282 ლარი გაიცა.
პრეზენტაციის დასასრულს ლევან არველაძემ თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმში მონაწილეობასა და ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბურ საინვესტიციო პროექტებზე, მათ შორის, „Eagle Hills-ისა“ და „The Trump Organization-ის“ პროექტებზე ილაპარაკა.
ანგარიშის წარდგენას, მოსახლეობასთან ერთად, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის წევრები, თბილისის მერიის წარმომადგენლები და სამგორის რაიონის გამგებელი ესწრებოდნენ.





