ნინო წილოსანი საფრანგეთში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტზე: ეს კანონი სრულად ასახავს სულისკვეთებას, რომელიც ჩვენ გვქონდა, როდესაც უცხოური გავლენების შესახებ ვიღებდით კანონს. კიდევ უფრო საინტერესოა განცხადებები, რომლებსაც სენატორები ამ პროექტის განხილვისას აკეთებდნენ
პოლიტიკა

ნინო წილოსანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ნინო წილოსანი საფრანგეთის სენატში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ გამკაცრების მიზნით შეტანილი კანონპროექტის მიღებას ეხმაურება. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ყურადღებას საკითხის განხილვისას სენატორების განცხადებებზე ამახვილებს ყურადღებას.
„გარდა იმისა, რომ ეს კანონი სრულად ასახავს სულისკვეთებას, რომელიც ჩვენ გვქონდა, როდესაც უცხოური გავლენების შესახებ ვიღებდით კანონს, კიდევ უფრო საინტერესოა განცხადებები, რომლებსაც სენატორები ამ პროექტის განხილვისას აკეთებდნენ. განცხადებები გულისხმობდა იმას, რომ უცხოურმა ჩარევამ, რომელიც შესაძლოა არა მხოლოდ მტრებისგან, არამედ ე.წ. მეგობრებისგან მოედინებოდეს,შესაძლოა სერიოზულად დააზიანოს ამომრჩევლის მოსაზრებები. გულისხმობდნენ იმას, რომ დეზინფორმაცია და სოციალურ ქსელებში გავრცელებული მანიპულაციური კამპანიები გარკვეულწილად აზიანებს ამომრჩევლის ინტერესს და დემოკრატიას ზოგადად, იმ კუთხით, რომ არასწორ განწყობებსა და მოსაზრებებს ავრცელებს და ქმნის“, - ამბობს წილოსანი.
საფრანგეთის სენატმა დემოკრატიულ ცხოვრებაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ონლაინ სივრცეში განზრახ და მასობრივად გავრცელებული ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წინააღმდეგ სასამართლოს ჩარევის შესაძლებლობას ითვალისწინებს.





