ირაკლი კობახიძე: კონტექსტია მნიშვნელოვანი, რა კონტექსტშია სიტყვა რეჟიმი გამოყენებული. როდის შეუძლია მედიასაშუალებას შეფასებითი განცხადება გაავრცელოს, როდის არ შეუძლია, ამას ადგენს ობიექტურობის სტანდარტები
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
კონტექსტია მნიშვნელოვანი, რა კონტექსტშია სიტყვა რეჟიმი გამოყენებული. როდის შეუძლია მედიასაშუალებას შეფასებითი განცხადება გაავრცელოს, როდის არ შეუძლია, ამას ადგენს ობიექტურობის სტანდარტები, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად.
პრემიერის თქმით, ამ ყველაფერს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია არეგულირებს.
„თქვენ იცით, რომ კონტექსტია მნიშვნელოვანი, რა კონტექსტშია სიტყვა რეჟიმი გამოყენებული, როდის შეუძლია მედიასაშუალებას შეფასებითი განცხადება გაავრცელოს, როდის არ შეუძლია, ამას ადგენს ობიექტურობის სტანდარტები. დეტალებში ვერ შევალ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს არეგულირებს კონკრეტული კომისია, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია. თუ რაიმე შეკითხვა არსებობს კომუნიკაციების კომისიასთან მიმართებით, შეგიძლიათ მათ დაუსვათ ეს კითხვა.
ობიექტურობის სტანდარტები საქართველოში მოქმედებს უკვე მრავალი წელია. უბრალოდ, ეფექტური არ იყო შესაბამისი ნორმები, გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობდა აღსრულების მექანიზმი. თავისთავად, საინფორმაციო გამოშვებაში, მაგალითად, განსხვავებით საავტორო გადაცემისგან, რომ უნდა იყოს დაცული ნეიტრალიტეტის პრინციპი, ეს არახალია, ხომ? მრავალი წლის განმავლობაში მოქმედებდა ეს ნორმები ჩვენს კანონმდებლობაში ისევე, როგორც მოქმედებს ძალიან ბევრი ქვეყნის კანონმდებლობაში, თუმცა მათი აღსრულება არ იყო უზრუნველყოფილი. დღეს არის უზრუნველყოფილი ამ ნორმების აღსრულება, ობიექტურობის სტანდარტიდან გამომდინარე“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, ზოგადად, მედია უნდა იყოს ობიექტური.
„შესაძლოა საავტორო გადაცემებში საკუთარი სუბიექტური მოსაზრება გამოთქვას ჟურნალისტმა, მაგრამ, მაგალითად, როდესაც საინფორმაციო გადაცემა გადის ეთერში, ეს გამოშვება უნდა აკმაყოფილებდეს ობიექტურობის სტანდარტებს. ზოგადად, ასეა. ჩვენთან არ იყო არასდროს დაცული ეს პრინციპი, მაგრამ ასეა და ეს კანონმდებლობაშიც იყო გაწერილი. რაც იყო გაწერილი და რაზეც არ არსებობდა აღსრულების მექანიზმი, იქ ჩაიდო აღსრულების მექანიზმი. ეს არის და ეს. დანარჩენი ჩვენ არაფერი გვაწუხებს. ჩვენ ვიგებთ არჩევნებს, ჩვენ გამოვდივართ გამარჯვებული ყველა პოლიტიკური ორთაბრძოლიდან. გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა, რაც უნდათ, დიქტატურა და ა.შ. ასეც და ისეც გამოვდივართ გამარჯვებულები. ჩვენ წუხილზე არ არის საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ მედიაგარემო უნდა გაჯანსაღდეს ჩვენს ქვეყანაში“, - დასძინა მან.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაუწყებლებს ეკრძალებათ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქება.





