შალვა სუთიაშვილი: ქართველი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ყველაზე დიდი ელჩები არიან
პოლიტიკა

შალვა სუთიაშვილი
ფოტო: თბილისის საკრებულო
დედაქალაქის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომაზე ყურადღება იმ წარმატებებზე გაამახვილა, რომელსაც ქართულმა სპორტმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიაღწია.
როგორც შალვა სუთიაშვილმა განაცხადა, ამ მოკლე პერიოდში საქართველომ უმასპინძლა რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ტურნირს, რომელთა ფარგლებშიც ჩვენს ქვეყანას 1000-მდე უცხოელი ათლეტი ესტუმრა.
მან ასევე იმ შთამბეჭდავ შედეგებზე ისაუბრა, რომლითაც ქართველმა სპორტსმენებმა დაასრულეს ასპარეზობა.
აღნიშნულის ფონზე, საკრებულოს წევრისთვის სრულიად მიუღებელი და დესტრუქციულია ის არაეთიკური კრიტიკა და შეურაცხყოფა, რომელსაც გარკვეული ჯგუფები ჩვენი სპორტსმენების მისამართით გამოხატავენ. სპორტსმენები, რომლებიც მძიმე ტრავმების მიუხედავად, ბოლომდე ინარჩუნებენ პროფესიონალიზმს და სამშობლოს გამარჯვებას უძღვნიან, არიან საქართველოს ყველაზე დიდი ელჩები საერთაშორისო ასპარეზზე.
„მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამგვარი ნეგატიური რეაქციების მიღმა იმალება გაუცხოება საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლოების — ჰიმნისა და დროშის მიმართ. მაშინ, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა აღფრთოვანებულია ქართული ფენომენით და სხვადასხვა ქვეყნებში ბავშვებს ქართველი ჩემპიონების სახელებს არქმევენ, შიდა დისკრედიტაციის მცდელობები ყოვლად დაუშვებელია.
მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ სპორტსმენების ღვაწლს. საზოგადოებრივ მხარდაჭერას კი ჩვენ — საქართველოს მოსახლეობა და ერთგული გულშემატკივრები უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა შალვა სუთიაშვილმა.
მან თითოეულ სპორტსმენს გაწეული თავდადებისთვის და პროფესიონალიზმისთვის, ხოლო საქართველოს ხელისუფლებასა და შესაბამის უწყებებს ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურული და ორგანიზაციული შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის, რამაც ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე მასპინძლის მაღალი სტატუსი შეუნარჩუნა, მადლობა გადაუხადა.




