იგნასიო კასისი: ვფიქრობთ, რომ ეს ინსტიტუტი, ეუთო, არის პასუხი პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით
პოლიტიკა

იგნასიო კასისი
ფოტო: ვიდეოკადრი
ვფიქრობთ, რომ ეს ინსტიტუტი, ეუთო, არის პასუხი პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით, - განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, იგნასიო კასისმა, ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თუ რა როლი ეკისრება ეუთოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შემთხვევაში ეუთო აკვირდება დისკუსიებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. კასისის განცხადებით, ამ კონკრეტულ რეგიონში პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა ადამიანი, რომელიც სხვადასხვა მხარეს შორის დიალოგს გაამარტივებს და მხარს დაუჭერს.
„ეუთოს სამი როლი აქვს: პირველი - GID, IPRM და სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტი.
GID - ჟენევის საერთაშორისო დიალოგი - არის სტრუქტურა, რომელიც უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე დიალოგის გამართვის შესაძლებლობას იძლევა. ეს გახლავთ დიალოგი, რომელიც მოიცავს განხილვებს გაეროსთან და ევროკავშირთან და მიმდინარეობს ჟენევაში.
დიალოგი, ალბათ, წარმატებული არ არის, თუ შევადარებთ იმ ფაქტს, რომ პრობლემა კვლავ არსებობს. თუმცა, ეს აუცილებელზე მეტია - ეს არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც ბევრი ადამიანი ერთმანეთს ესაუბრება. ეს გახლავთ ეუთოს პირველადი ამოცანა და ეუთოს წვლილი შეაქვს ჟენევის საერთაშორისო დიალოგში. მხარეებმა პრობლემები ერთმანეთთან საუბრით უნდა მოაგვარონ.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი - IPRM - გახლავთ მეორე მექანიზმი, რომელიც მნიშვნელოვანია იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებზეც თქვენ ისაუბრეთ. აქ საუბარია დაძაბულობის საკითხებზე, გადაადგილების თავისუფლებასა და ესკალაციის თავიდან აცილებაზე. ეს ის თემებია, რომლებზეც ეუთო მუშაობს.
მესამე მიმართულება, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არის ელჩი კრისტოფ პეტი, ჩემი სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მისი როლია დიალოგის მხარდაჭერა და პრობლემების სხვადასხვა შრის მოგვარება.
მაგალითად, საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შემთხვევაში ჩვენ ვაკვირდებით დისკუსიებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ვხედავთ, რომ ამ კონკრეტულ რეგიონში პრობლემაა. ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც გაამარტივებს და მხარს დაუჭერს სხვადასხვა მხარეს შორის დიალოგს. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ეს ინსტიტუტი, ეუთო, არის პასუხი პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით“, - განაცხადა კასისმა.




