შალვა პაპუაშვილი: ყველა იტყუება, ვინც ამბობს, რომ გაწევრების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული, ობიექტური პროცესია, სინამდვილეში ეს არის პოლიტიკური პროცესი
პოლიტიკა

შალვა პაპუაშილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დღეს ბურთი არის ბრიუსელის მხარეს. საქართველო ზის დისკუსიის მაგიდასთან. მოუსხდნენ, როგორც ზრდასრული ადამიანები, ისე მოიქცნენ და ეს უმწიფარი პოლიტიკა, საქართველოს არ შემჩნევის, არ დანახვისა და დაზიანების სურვილი, უნდა დასრულდეს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ყველა, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრების პროცესი ობიექტური და დამსახურებაზე დაფუძნებულია, იტყუება.
„ყველამ იცის და იტყუება, ვინც ამბობს, რომ გაწევრების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული, ობიექტური პროცესია. სინამდვილეში ეს არის პოლიტიკური პროცესი და, რა თქმა უნდა, ყველამ იცის, რომ ერთ სახელმწიფოსაც კი შეუძლია, შეაფერხოს ნებისმიერი დამსახურებული კანდიდატის წინსვლა ინტეგრაციის პროცესში.
საქართველო ამის ყველაზე კარგი მაგალითია. 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, მაშინ, როდესაც ყველანაირი შედეგით ყველა პოტენციურ კანდიდატზე წინ ვიყავით, ყველანაირი შედეგით. რისი ბრალი იყო ეს ყველაფერი? ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, მათ შორის, ბალტიის ქვეყნების მონაწილეობით. საქართველო არ აწესებდა სანქციებს და ამის გამო მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ნორმალურად ვერც კი ხსნიან ბოლომდე, რატომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი.
ამას ვამბობთ ჩვენ. ეს არის პროცესი, რომელსაც, ერთი მხრივ, ბრიუსელი სრულად აკონტროლებს. კანდიდატ ქვეყანას შეუძლია, აკეთებინოს ყველაფერი. როგორც ერთი გამორჩეული ქართველი NGO-შნიკი ამბობდა, ცალ ფეხზე დააყენოს ნებისმიერი ქვეყანა იმის მოლოდინში, რომ მის მიმართ გადაწყვეტილებების მიღებისას კეთილგანწყობილი იქნება და ბოლოს მაინც არ მიიღოს მისი წინსვლის გადაწყვეტილება.
სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირში არის რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც გამოკვეთილად ანტიქართული პოლიტიკა აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ რომელიმე ამ ქვეყნისგან ნებისმიერ ასეთ კენჭისყრაში გადაწყვეტილების დაბლოკვა არ მოხდება.
ამიტომაც ვამბობთ, რომ არ გვინდა, ჩვენი ქვეყნის განვითარება დამოკიდებული გავხადოთ სხვა ქვეყნის გადაწყვეტილებებზე. ჩვენი ქვეყნის განვითარება მიდის თავისი ლოგიკით, ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმის მიხედვით, თუ როგორ ვასიამოვნოთ დღეს ბრიუსელს ან რომელიმე წევრ ქვეყანას.
ამ გზას რომ გავყოლოდით, დღეს ასეთი ეკონომიკური ზრდა არ გვექნებოდა, როგორიც გვაქვს. შევახსენებთ ყველას, რომ აბსოლუტურად ყველას ვუსწრებთ - ჩვენს შემდეგ ვინც მოდის, ორჯერ ნაკლები ეკონომიკური ზრდის ტემპი აქვს.
ჩვენი პოლიტიკის სისწორეს ჩვენი პოლიტიკური შედეგები ადასტურებს, ხოლო ჩვენი პოლიტიკა დღესდღეობით არის ის, რომ არ დავუჯეროთ ბრიუსელიდან წამოსულ მავნე რჩევებს. მანამ, სანამ ბრიუსელი არ დაუბრუნდება დემოკრატიულ, კონსტრუქციულ რეჟიმს, რთული იქნება ამ ურთიერთობების გადატვირთვა.
დღეს ბურთი არის ბრიუსელის მხარეს. საქართველო ზის დისკუსიის მაგიდასთან. მოუსხდნენ, როგორც ზრდასრული ადამიანები, ისე მოიქცნენ და ეს უმწიფარი პოლიტიკა, საქართველოს არ შემჩნევის, არ დანახვისა და დაზიანების სურვილი, უნდა დასრულდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





