უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დარღვევისთვის სანქციები ამოქმედდება
პოლიტიკა

ფოტო: shutterstock.com
ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ვინც არაკეთილსინდისიერად იქცევა შენგენის სივრცეში, დავაკისროთ გარკვეული ტიპის სანქციები იმისთვის, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ჰქონდეს გადამარწმუნებელი ეფექტი და შევინარჩუნოთ ის დიდი წარმატება, რომელსაც ქვეყანა დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღწია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი საგანგებო თათბირის შემდეგ განაცხადა.
„განვიხილეთ ის გამოწვევები, რასაც ჩვენი ქვეყანა აწყდება სხვადასხვა დასავლეთ ევროპულ ქვეყანაში, იმის გამო, რომ ჩვენი ზოგიერთი მოქალაქე, რომელიც შენგენის სივრცეში მიემგზავრება და მოძრაობს, არღვევს უვიზო რეჟიმის წესებს, რჩება იქ უფრო დიდი ხნით, ვიდრე ეს არის ნებადართული, ან ეწევა უკანონო საქმიანობას. ჩვენი ვალია, რომ ის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მიღწეული წარმატება, რასაც ჰქვია უვიზო რეჟიმი შენგენის სივრცესთან, დავიცვათ, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების გზით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
დღეს გიორგი კვირიკაშვილმა ვიზალიბერალიზაციაზე საგანგებო თათბირი გამართა.
თათბირზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმა უმოკლეს ვადებში იგეგმება, რათა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ეს ვიზალიბერალიზაციის შეფერხების მიზეზი არ გახდეს.
მანამდე პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტში განაცხადეს, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხეს ვერ ხედავენ.
გასული წლის 20 დეკემბერს ევროკავშირმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც აფასებს, რამდენად კარგად ასრულებს საქართველო იმ მოთხოვნებს, რომელიც აღებული აქვს ვიზალიბერალიზაციის ნაწილში. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ანგარიშის ფარგლებში, ევროკომისიამ საქართველოს 6 ძირითადი რეკომენდაციით მიმართა.
საქართველო შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობს. საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოში და რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში შესვლა და 90 დღით გაჩერება, ვიზის გარეშე შეუძლიათ.




