შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკიზე: ევროკავშირის ელჩს რომ ცეკვის შესაძლებლობა ჰქონდა, იმის დამსახურებაა, რომ საქართველოს მთავრობამ მას და მის უფროსებს არ დაუჯერა. ღმერთმა შეარგოს ცეკვა და მოლხენა, მაგრამ რომ დაგვეჯერებინა ალბათ საქართველოშიც არ იქნებოდა, ევაკუირებული იქნებოდა ისევე, როგორც კიევი მიატოვეს ელჩებმა. ერთადერთი საქართველოს ელჩი დარჩა
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტი
ჩვენ ვიხილეთ მოცეკვავე ევროკავშირის ელჩი და ძალიან კარგი, რომ ევროკავშირის ელჩს აქვს შესაძლებლობა იცეკვოს და იცეკვოს საქართველოში. კარგია, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს იმის განწყობაც და შესაძლებლობაც, რომ იმხიარულოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კახეთში გამართულ ევროპის დღის ღონისძიებაზე საუბრისას.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას, ევროკავშირის ელჩისა და მისი ხელმძღვანელობისთვის რომ დაეჯერებინა დღეს საქართველოში საცეკვაოდ საქმე არავის ექნებოდა.
„საქართველო დღეს იქნებოდა ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა. საქართველო დღეს იქნებოდა ომისგან დანგრეული ქვეყანა, რომ დაგვეჯერებინა პირადად ჰერჩინსკისთვის და მისი ხელმძღვანელობისთვის. მადლობას არ ველით მისგან, მაგრამ იმედია გაიაზრებს - ის, რომ მას ცეკვის შესაძლებლობა ჰქონდა იმის დამსახურებაა, რომ საქართველოს მთავრობამ მას და მის უფროსებს არ დაუჯერა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედა. ღმერთმა შეარგოს ცეკვა და მოლხენა, მაგრამ რომ დაგვეჯერებინა ალბათ ევროკავშირის ელჩი საქართველოშიც არ იქნებოდა, ევაკუირებული იქნებოდა ისევე, როგორც კიევი მიატოვეს ელჩებმა. ერთადერთი საქართველოს ელჩი დარჩა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებული ევროპის დღის ღონისძიებაზე, კახეთში, უკრავდა და მღეროდა ჯგუფი, რომელმაც ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა, ევროკავშირის ელჩი კი ჯგუფის შესრულებულზე ცეკვავდა. სცენიდან ისმოდა ერთ-ერთი კომპოზიციაც, რომელსაც საპროტესტო აქციებზე აჟერებდნენ. აღსანიშნავია, რომ ჰერჩინსკი არ გამიჯვნია ჯგუფის შეურაცხმყოფელ გზავნილებს და გუშინ კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა მუსიკოს „კორძის“, რომლის განცხადებებმაც ასევე მილიონზე მეტი ქართველი შეურაცხყო.





