„კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გარკვეული პოლიტიკური ტენდენციურობით გაჟღენთილ განცხადებას“ - ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება
პოლიტიკა

ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. შეხვედრას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი უხელმძღვანელებს.
პოლიტიკური ტენდენციურობით გაჟღენთილი განცხადებების მოლოდინი აქვს მმართველ გუნდს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ევრობიუროკრატია საქართველოსთან დაკავშირებით საღ აზრს და რეალობას აცდენილია.
„სამწუხაროდ აცდენილები არიან არამარტო რეალობას, არამედ საღ აზრსაც. არ შეიძლება ქვეყანას უსურვო ის მდგომარეობა, რაც არის უკრაინაში, ან ის ეკონომიკური ვითარება, რა ვითარებაშიც მოლდოვაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გარკვეული პოლიტიკური ტენდენციურობით გაჟღენთილ განცხადებას. ღმერთმა ინებოს, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვოს, მაგრამ ჯერჯერობით ამის ოპტიმიზმი არ ჩანს“, - აცხადებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.





