პაატა სალია: 2025 წელს დაახლოებით 130 ადამიანი გათავისუფლდა ვადაზე ადრე, წელს, 8 თვის მონაცემებით, 800-ზე მეტია, ჩვენ გავააქტიურეთ ამ საბჭოების მუშაობა
პოლიტიკა

ვიდეო/კადრი
2025 წელს დაახლოებთ 130 ადამიანი გათავისუფლდა ვადაზე ადრე, წელს, 8 თვის მონაცემებით, 800-ზე მეტია, ჩვენ გავააქტიურეთ ამ საბჭოების მუშაობა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ იურისტ ავთო ლაბაძის განცხადების პასუხად, რომელმაც აღნიშნა, რომ ე.წ. უდოს კომისიის მუშაობა არ არის გამჭვირვალე და პროგნოზირებადი. იურისტს აინტერესებდა, უნდა ჰქონდეთ თუ არა პატიმრებს იმედი, რომ ეს მიდგომა შეიცვლება. კითხვის პასუხად მინისტრმა აღნიშნა, რომ კომისიები შედგენილი სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით მუშაობენ.
„შედგენილია სახელმძღვანელო პრინციპები, როგორ მუშაობენ კომისიები, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პატიმარი, კანონით გათვალისწინებულია ვადები, როდის შეიძლება პატიმარმა მიმართოს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას. იუსტიციის სამინისტროში არცერთი პატიმრისგან არ შემოსულა წერილი, რომ პროცესი არის გაუმჭვირვალე, თქვენ თუ გაქვთ რამე კონკრეტული, მოგვაწოდეთ და გავიხილავათ“, - განაცხადა მინისტრმა ლაბაძის კითხვის პასუხად.
გარდა ამისა, იურისტმა სასჯელების გაზრდის საკითხზე ილაპარაკა და მინისტრის დამატებითი კითხვის პასუხად დააზუსტა, რომ ნარკოდანაშაულისთვის გაზრდილ სასჯელს გულისხმობდა.
„ვერ დაგეთანხმებით, რომ სასჯელები იზრდება და თითქოს სისხლის სამართლის კოდექსში კონკრეტული დანაშაულისთვის სასჯელი იზრდება. მოდით, ნუ გავაკეთებთ უტრირებას და ფაქტებით ვილაპარაკოთ, იმიტომ, რომ ძალიან მარტივია მაყურებელი შეცდომაში შევიდეს - არ გაზრდილა სასჯელები. ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებაა, რომ არ უნდა გაიზარდოს სასჯელი? არ უნდა გვქონდეს მკაცრი პოლიტიკა? ამ შემთხვევაში მოხმარებას არ ვგულისხმობ, ანუ ის ადამიანი, რომელიც ავრცელებს სიკვდილს, ზედმეტია მისთვის ის სასჯელი, რომელიც არის გათვალისწინებული?“ - განაცხადა პაატა სალიამ.





