პაატა სალია: მნიშვნელოვანი განსხვავება რაც არის და რასაც ვადარებთ 2012 წლამდე და დღეს არსებულ ვითარებას, ეს არის ის, რომ სისტემურ დანაშაულს ადგილი არ აქვს. ერთეული შემთხვევები თუ სადმე გამოვლინდება, ამისგან დაზღვეული მსოფლიოში არცერთი სისტემა არ არის და არცერთ ქვეყანაში იდეალური პენიტენციური სისტემა არ არსებობს
პოლიტიკა

პაატა სალია
ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
სასჯელაღსრულების სისტემის თვალსაზრისით დღეს ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა რეგიონში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.
მისივე თქმით, მეგის ქარდავას პერიოდის ციხეებში არსებული მდგომარეობა დღევანდელი ხელისუფლებისთვის თამასა არ არის.
მინისტრმა უპასუხა დარბაზიდან ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით.
„შეკითხვა იყო იმასთან დაკავშირებით, რაიმე გავლენის მოხდენა შეეძლოთ თუ არა ამ ადამიანზე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს.
როგორც კი ამ ადამიანმა გააკეთა განცხადება სახალხო დამცველთან იმასთან დაკავშირებით, რომ მის წინააღმდეგ ჩადენილი იყო დანაშაული, რა თქმა უნდა, ეს უკვე ჩვენს კომპეტენციას სცილდება, ადმინისტრაციულ წარმოებას ამასთან დაკავშირებით ვერ ჩავატარებდით და გამოძიება დაიწყო საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ იმისთვის, რომ ფაქტები დაედგინა.
თქვენ ახსენეთ სახალხო დამცველი, რომლის რეკომენდაციებში ნათქვამია ღირსების შემლახავ ფაქტებზე, მაგალითად, სხეულის სრულად გაშიშვლებაზე და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში დადასტურებულად, სანდოდ მიგაჩნიათ სახალხო დამცველის პოზიცია.
თუ ასეთი რამ არსებობდა, ჩვენ ყოველთვის გვაქვს რეაგირება. ჩვენ არასდროს უარვყოფთ იმას, რომ სისტემაში რაიმე პრობლემა არსებობდეს. მნიშვნელოვანი განსხვავება რაც არის და რასაც ვადარებთ 2012 წლამდე და დღეს არსებულ ვითარებას, ეს არის ის, რომ სისტემურ დანაშაულს ადგილი არ აქვს. ერთეული შემთხვევები თუ სადმე გამოვლინდება, ამისგან დაზღვეული მსოფლიოში არცერთი სისტემა არ არის და არცერთ ქვეყანაში იდეალური პენიტენციური სისტემა არ არსებობს. ყველგან შეიძლება თანამშრომელმა რაიმე გადაცდომა, თუნდაც დანაშაული ჩაიდინოს, მაგრამ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაზე ხდება რეაგირება. უფლების დაცვის მექანიზმები არის გაძლიერებული ჩვენს პენიტენციურ სისტემაში. ფაქტობრივად, ანალოგიურია ყველა მოწინავე ქვეყანაში. ის უფლებები, რომელიც პატიმარს აქვს საქართველოში თავისი უფლებების დასაცავად, ამაზე მეტი უფლებები არ აქვს სხვა სახელმწიფოების პენიტენციურ დაწესებულებებში“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.





