შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ნანა ყეინიშვილის საქმეზე კითხვის მთავარი ადრესატი სალომე ზურაბიშვილია, რომელმაც ყეინიშვილი სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატად შეარჩია
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტი
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო რეაგირებს ამ საკითხზე, - განცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის საქმეზე საუბრისას.
შალვა პაპუაშვილი თქმით, კითხვის მთავარი ადრესატი ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, თუ როგორ შეარჩია მან ნანა ყეინიშვილი სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატად.
„ეს მას [სალომე ზურაბიშვილი] უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია და რანაირად წარმოადგინა კანდიდატურები, ეს მისი პასუხისმგებლობაა. თუმცა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტიც დეტალურად გარკვეულიყო ამ საკითხში, რაც შეეხება წევრების არჩევას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
2023 წელს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნანა ყეინიშვილის კანდიდატურა პარლამენტს სწორედ სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა.
როგორც ცნობილია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.
საქმეზე განცხადება გაავრცელა საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც. სებ-ი აცხადებს, რომ მასალები გადაეცა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს, ამასთან, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან.





