ირაკლი ჭეიშვილი ნანა ყეინიშვილზე: სალომე ზურაბიშვილს არაერთი მსგავსი თანამდებობის პირი ჰყავს თავის დროზე წარდგენილი
პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი
იმედი/ვიდეოკადრი
სალომე ზურაბიშვილს არაერთი მსგავსი თანამდებობის პირი ჰყავს თავის დროზე წარდგენილი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ნანა ყეინიშვილის საქმეზე საუბრისას.
მისი თქმით, ზურაბიშვილის ფაქტორი ქვეყნისთვის პრობლემაა არა მხოლოდ ახლა, პრობლემა იყო თავის დროზეც.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ არსებობს თანამდებობა, მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი, ვისაც ექნება გადაცდომა, რეაგირება აუცილებად იქნება მყისიერი. არც ახლა აყოვნებს პროკურატურა. დაველოდოთ გამოძიებას.
ზურაბიშვილის ფაქტორი პრობლემა იყო თავის დროზეც და არა მხოლოდ ახლა. აქედან გამომდინარე ზუსტად ზურაბიშვილის პროტეჟე იქნება მსგავსი ადამიანი, ვინც ასეთი საქმიანობით იქნება დაკავებული“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
2023 წელს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნანა ყეინიშვილის კანდიდატურა პარლამენტს სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა.
როგორც ცნობილია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.
საქმეზე განცხადება გაავრცელა საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც. სებ-ი აცხადებს, რომ მასალები გადაეცა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს, ამასთან, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან.





