თამთა მეგრელიშვილი: საქართველო საკუთარი ეროვნული ინტერესების ერთგულია და გარე პოლიტიკური დიქტატი და შანტაჟი ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ სახელმწიფომ უარი თქვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე
პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი
პარტია „ხალხის ძალა“
„ევროპარლამენტში დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, მათ შორის - სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის იმპერატიულ ნორმას, და ქვეყანა სამართლებრივ ნიჰილიზმამდე მიჰყავს,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.
მისი თქმით, ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობა, სამართლებრივი პროცესები და კონსტიტუციური წესრიგის დაცვა ექსკლუზიურად ქართველი ხალხისა და მისი ლეგიტიმური ხელისუფლების პრეროგატივაა.
„ევროპარლამენტში დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, მათ შორის - სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის იმპერატიულ ნორმას, და ქვეყანა სამართლებრივ ნიჰილიზმამდე მიჰყავს.
აღნიშნული რეზოლუცია არ ასახავს ქართველი ხალხის უმრავლესობის დემოკრატიულ არჩევანს, რომელმაც მმართველ პარტიას ლეგიტიმური მანდატი მიანიჭა. ხალხის ნება და მის საფუძველზე არჩეული პოლიტიკური ხელმძღვანელობა დაცულია კონსტიტუციური იმუნიტეტით, შესაბამისად, ლიდერების წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნა სამართლებრივი მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით, არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოსა და თანაზომიერების პრინციპებს.
„ქართული ოცნების“ ლიდერების პერსონალური სანქცირებისკენ მოწოდება წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებას.
ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხზე დოკუმენტში გაკეთებული შეფასებები არის ევროპარლამენტის მცდელობა, წინასწარი პოლიტიკური ვერდიქტითა და სანქციების მუქარით გავლენა მოახდინოს სასამართლო ხელისუფლებაზე, რაც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპის უხეში დარღვევაა.
საქართველოს მიმართ ამ უფლების უარყოფა და მსგავსი კრიტიკა შერჩევითი სამართლისა და ორმაგი სტანდარტის პირდაპირი გამოვლინებაა, რადგან ეროვნული უსაფრთხოების, კონსტიტუციური წესრიგისა და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის აღკვეთის მიზნით, კონკრეტული პოლიტიკური ძალების შეზღუდვის სამართლებრივი პრაქტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) მიერ აღიარებულია და აქტიურად გამოიყენება თავად ევროკავშირის წევრ თუ პარტნიორ ქვეყნებში.
ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობა, სამართლებრივი პროცესები და კონსტიტუციური წესრიგის დაცვა ექსკლუზიურად ქართველი ხალხისა და მისი ლეგიტიმური ხელისუფლების პრეროგატივაა.
საქართველო არის საკუთარი ეროვნული ინტერესების ერთგული და გარე პოლიტიკური დიქტატი, შანტაჟი თუ თავსმოხვეული დღის წესრიგი ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ სახელმწიფომ უარი თქვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე.
ეს რეზოლუცია არის კიდევ ერთი ფურცელზე დაწერილი გზავნილი, რომელიც რეალურ შინაარსს მოკლებულია,“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.





