მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს მიერ ეუთოს თავმჯდომარეობის განაცხადზე: ევროკავშირს შეუძლია კვიპროსს დაუჭიროს მხარი, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ კვიპროსთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია. შესაბამისად, მეორე კანდიდატურა, რომელიც არის მაგიდაზე, საქართველოა და ვერავინ აუვლის ამას გვერდს, ყველას მოუწევს პოზიციის დაფიქსირება
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი
ვიდეო კადრი
საქართველოც არის ისეთივე მონაწილე ქვეყანა ეუთოსი, როგორიც სხვები არიან, სრულფასოვანი და მასაც აქვს უფლება, ჰქონდეს ასეთი სურვილი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს თავმჯდომარეობის საკითხზე საუბრისას.
მინისტრის თქმით, დღეს საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ეუთოს მომავალი თავმჯდომარეობა.
"საქართველომ გააკეთა განაცხადი მიმდინარე წლის იანვარში, მომავალ წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე. საქართველოც არის ისეთივე მონაწილე ქვეყანა ეუთოსი, როგორიც სხვები არიან, სრულფასოვანი და მასაც აქვს უფლება ჰქონდეს ასეთი სურვილი. ჩვენ ასეთი სურვილი არასოდეს გაგვიჟღერებია მას შემდეგ, რაც საქართველო არის ეუთოს მონაწილე ქვეყანა. პირველად ხდება, როცა საქართველოს გარშემო მსგავსი დისკუსიაა ორგანიზაციის ფარგლებში. ამჟამად ორგანიზაციას ხელმძღვანელობს შვეიცარია. სულ ცოტა ხანში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს, როგორც ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს და კიდევ ერთხელ განვიხილოთ საქართველოს თავმჯდომარეობის საკითხი. ეს არ არის მარტივი, კონსენსუსია საჭირო იმისთვის, რომ შევთანხმდეთ მომავალ თავმჯდომარეობაზე", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც კვიპროსმა წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა, საქართველო მას უჭედა მხარს, თუმცა გასულ წელს, მინისტერიალზე, კვიპროსთან დაკავშირებით ორგანიზაციამ კონსენსუსს ვერ მიაღწია და ამას ხელი თურქეთის პოზიციამ შეუშალა.
"ჩვენ მხოლოდ სექტემბერში გავაკეთეთ ოფიციალურად პრეზენტაცია ჩვენი კანდიდატურის, მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ კვიპროსი აღარ არის ის კანდიდატი, რომლის გარშემოც კონსენსუსის რაიმე შანსი არსებობს. ევროკავშირს შეუძლია კვიპროსს დაუჭიროს მხარი, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ კვიპროსთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია. შესაბამისად, მეორე კანდიდატურა, რომელიც არის მაგიდაზე, საქართველოა და ვერავინ აუვლის ამას გვერდს, ყველას მოუწევს პოზიციის დაფიქსირება", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.




