ლევან ნიკოლეიშვილი: უცხოელ აქტორებს სურთ, რომ მხოლოდ მათი კარნახით ვიმოქმედოთ. ეს არ არის გზა, რომელსაც უნდა ირჩევდეს სუვერენული სახელმწიფო. ნეიტრალიტეტი იძლევა საშუალებას, რომ დამოუკიდებლად ვაწარმოოთ ჩვენი საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკა
პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი
ფოტო: არქივი
ყველა სახელმწიფოს, აქვს თავისი ეროვნული ინტერესები და ამ ინტერესებიდან გამომდინარე ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ თავიანთი გავლენები უფრო გააფართოონ საქართველოშიც და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველომ უნდა იმოქმედოს საკუთარი წესებით და გადადგას მხოლოდ მისთვის სასარგებლო ნაბიჯები.
„ჩვენ თუ დავიწყებთ ფიქრს და ლოდინს იმის თაობაზე, რას გააკეთებენ დიდი სახელმწიფოები ჩვენთან მიმართებით, ან დაველოდებით საბოლოო ჯამში რას შემოგვთავაზებენ, ამით წინსვლა არ გვექნება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანა უფრო გაძლიერდეს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა გვჭირდება და აქედან გამომდინარე ვიფიქროთ ჩვენ რა უნდა შევთავაზოთ.
ხშირად გვაკრიტიკებენ უცხოელი აქტორები და სხვადასხვა ბიუროკრატები იმის თაობაზე, თუ რატომ ვამყარებთ ურთიერთობას ამა თუ იმ სახელმწიფოსთან. მათ სურთ, რომ მხოლოდ მათი კარნახით ვიმოქმედოთ. ეს არ არის გზა, რომელსაც უნდა ირჩევდეს სუვერენული სახელმწიფო. ნეიტრალიტეტი იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ვაწარმოოთ ჩვენი საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკა და ვისთანაც საქართველო გადაწყვეტს მასთან დაამყაროს ურთიერთობები“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.





