შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ დადგა მომენტი, რომ უცხოური ჩარევის მარეგულირებელი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტიზაცია მოხდეს
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საპარლამენტთაშორისო კავშირი აერთიანებს მსოფლიოს 184 ქვეყნის პარლამენტს და ამ კონფერენციაზე 100-ზე მეტი პარლამენტია წარმოდგენილი დელეგაციებით, პარლამენტის ხელმძღვანელებით. ეს არის კარგი საშუალება იმისთვის, რომ ჩემი კოლეგებისთვის საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს მაგალითზე მომეყოლა იმაზე, თუ რას ნიშნავს გარე ჩარევებით დემოკრატიული პროცესების დაზიანება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, დადგა მომენტი, რომ უცხოური ჩარევის მარეგულირებელი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტიზაცია მოხდეს.
„დღევანდელ სამყაროში ჩვენ ვხედავთ მზარდ ტენდენციას, რომ სულ უფრო მეტი ქვეყანა იღებს კანონს უცხოურ გავლენებთან დაკავშირებით. ქვეყნები ცდილობენ, რომ საკუთარი თავი დაიცვან გარე ჩარევისგან და ვფიქრობ, ახლა არის ის მომენტი, როდესაც საჭიროა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტის დამკვიდრება უცხო ჩარევებისა და უცხო გავლენების კანონმდებლობასთან დაკავშირებით. არსებობს დაგროვილი გამოცდილება ამასთან დაკავშირებით და კოლეგების მიმართ სწორედ ეს მიმართვა მქონდა, რომ ვიფიქროთ საერთო საერთაშორისო სტანდარტთან დაკავშირებით.
ის, რომ დღეს ეს გამოწვევაა, სულ ახლახან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. მათ ისაუბრეს იმაზე, რომ მაგალითად სამხრეთ ამერიკაში ჩატარებულ ბოლო არჩევნებში არის ტენდენცია, რომ კონსერვატიული ძალები იმარჯვებენ მემარცხენეებზე და პირდაპირ უკავშირებს თავად აშშ ამ ტრენდს იმას, რომ USAID- ის დაფინანსებები შეწყდა. წინა ადმინისტრაციები სწორედ უცხოური ჩარევით და გარე დაფინანსებით აფინანსებდნენ მემარცხენე ჯგუფებს და მოჰყავდათ ხელისუფლებაში. როგორც კი ეს დაფინანსება ჩაიხსნა, ვნახეთ, რომ საზოგადოებამ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო და იგივე ტენდენციას ვხედავთ ჩვენ ევროპაშიც“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.





