შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბრის შეუმდგარი დამხობის მოძალადეები, რომლებიც დღეს სასჯელს იხდიან, უპირველეს ყოვლისა არიან უცხო ძალების უნამუსობის პატიმრები
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
4 ოქტომბრის შეუმდგარი დამხობის მოძალადეები, რომლებიც დღეს სასჯელს იხდიან, უპირველეს ყოვლისა არიან უცხო ძალების უნამუსობის პატიმრები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმეზე დანაშაულის აღიარებისა და საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნაზე საუბრისას.
მისივე თქმით, უცხო ძალებმა ხელისუფლების დამხობის მცდელობის მონაწილეები შეაგულიანეს, თვეების განმავლობაში აწარმოეს კამპანია, სალომე ზურაბიშვილს წარმოაჩენდნენ, როგორც ლეგიტიმურ პრეზიდენტს, მასთან დადიოდნენ დიპლომატები და უცხოელი პოლიტიკოსები, მასთან ერთად პოზირებდნენ პრეზიდენტის დროშის ფონზე. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სწორედ ამის შედეგია რადიკალური ჯგუფების შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე.
„ამის შემდეგ მიატოვეს ეს ადამიანები ციხეში. ის რადიკალები, რომლებიც მაშინ გაიქცნენ ადგილიდან წყნარად არიან, როდესაც სხვები მათი უნამუსობის პატიმრები არიან დღეს.
როდესაც ზოდელავაზე და სხვებზე ვსაუბრობთ, რომლებმაც ახლა საპროცესო შეთანხმება ითხოვეს და ინანიებენ, მათი უნამუსობით არიან დღეს ის ადამიანები, ვინც არიან ციხეში 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. დროზე თუ აღიარებენ თავის დანაშაულს და გამოვლენ, ამით გზას გაუხსნიან მათივე უნამუსობის პატიმრებს, რომლებიც დღეს ციხეში არიან.
ყველამ კარგად იცის, რომ ეს იყო ძალადობა, შტურმი. ყველამ კარგად იცის, რომ ჩადენილი იყო დანაშაული საქართველოს წინააღმდეგ და ახლა ზოგიერთს რომ უნერგავენ იმედს, რომ უცხო ძალები მათი დახსნით არიან დაკავებული, ამას ნუ დაიჯერებენ. ეთანამშრომლონ საკუთარ ქვეყანას, მათ გვერდით ისევ მათივე ქვეყანა დადგება და არა რომელიმე დიპლომატი და პოლიტიკოსი. ყველას მოვუწოდებ აღიარონ რაც ჩაიდინეს საკუთარი სამშობლოს წინაშე, აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ასეთ დანაშაულს საკუთარი ქვეყნის წინაშე აღარ ჩაიდენენ და ასეთ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო იქნება ლმობიერი მათ მიმართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





