კალაძემ მიწათსარგებლობის გეგმა ექსპერტებთან განიხილა
პოლიტიკა

შეხვედრა
ფოტო: ლეილა ჯავახიშვილი
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან საკოორდინაციო შეხვედრის მიზანი, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის – მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვაა.
მისი ინფორმაციით, თბილისის მერიაში შეიქმნა სამუშო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ილია ელოშვილი და დაკომპლეტებული იქნება საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციების ექსპერტებისა და ქართველი ექსპერტებისგან.
აღნიშნული ჯგუფი თბილისის მერიას გენგეგმის დოკუმენტის შეფასებაში დაეხმარება. კახა კალაძის თქმით, მერიის ყველა სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, კონსტრუქციულად ითანამშრომლოს „სითი ინსტიტუტთან" დოკუმენტიზ სრულყოფის მიზნით.
„დღევანელი შეხვედრის მიზანია, ჩამოვყალიბდეთ რა ფორმით ვიმუშავებთ. ეს არის პირველი სამუშაო შეხვედრა . შემდეგი შეხვედრა უკვე გაიმართება “სითი ინსტიტუტთან“. ახლად შექმნილ ჯგუფს უხელმძღვანელებს ილია ელოშვილი, მეც ჩართული ვიქნები თავიდან ბოლომდე, ვინაიდან თავიდან ავიცილოთ ის პრობლემები, რომელიც 20-25 წლის განმავლობაში არსებობს და ყველა ვხედავთ, სადამდეც მივედით. ნამდვილად გაუსაძლისია ასე ცხოვრება და ამ რიტმით გაგრძელება. ჩვენ არაფერს ვეწინააღმდეგებით, არც მშენებლობას, არც განვითარებას, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოექცეს ჩარჩოებში, რომ სწორად და ხარისხიანად გავაკეთოთ ყველაფერი ქალაქის განვითარებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც კალაძემ განაცხადა, მორიგი შეხვედრა "სითი ინსტიტუტი საქართველოსთან" ერთად გაიმართება.
25 დეკემბერს თბილისის მერიამ გენგეგმის ჯგუფი 145 600 ლარით დააჯარიმა და ხარვეზების გამოსასწორებლად 10-დღიანი ვადა მისცა. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მერიის ყოფილმა ხელმძღვანელობამ კონკურსის წესით შეარჩია და ქალაქის მთავარი დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოყო.
თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, მერიას 18 ივნისს ჩაბარდა. მისი შემქმნელების თქმით, ეს დოკუმენტის სამუშაო ვერსიაა და მნიშვნელოვანია პროცესში მოქალაქეთა ჩართვა. თბილისის ახალარჩეული მერმა უკვე დასრულებული გენგეგმა თავიდან შესასწავლად სპეციალურ ჯგუფს გადასცა.





