ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: Facebook
პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყეყნებს, სადაც აცხადებს, რომ პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას - რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი.
„ახლა უკვე ჩემთვის სურათი ნათელია და პასუხი ყველა საკითხზე არის გაცემული, თუ რატომ ჩამიწერეს წერილის პირველ პუნქტად, რომ „დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა მხარდამჭერებმა“ სერიოზული ეჭვები გააჩინეს და ძალიან დააზიანეს კობახიძე-მდინარაძის გუნდის ინტერესები. მთელი ეს ისტორია, ალბათ, საჯაროდ მოსაყოლი არც იქნებოდა, სრულიად შემთხვევით რომ არ გამეგო, რომ დიტო ჩუბინიძის ხსენებული სტატიის რესპონდენტმა, სტატიის გამოქვეყნებიდან გარკვეული ხნის შემდეგ, თავი მოიკლა…ასევე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი უფლებადამცველის, ლაზარე ჯორბენაძის, თვითმკვლელობასთან დაკავშირებით თავად გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ღიად სვამდა კითხვებს და ეჭვქვეშ აყენებდა მისი თვითმკვლელობის ვერსიას.
პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?
ამ კითხვას საჯაროდ ვსვამ, რადგან საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“, - აღნიშნულია წერილში.





