ზვიად შალამბერიძე დავით არახამიაზე: უნდა დაველოდოთ ფაქტებს, რაც დაიდება, თუმცა, ჩვენ არავინ გვინახავს უკრაინული მხარის მაღალჩინოსნები დასჯილი, ერთადერთი, რაც ამას შეიძლება მოჰყვეს, არის მხოლოდ მათი თანამდებობიდან გადაყენება
პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
უნდა დაველოდოთ ფაქტებს, რაც დაიდება, თუმცა, ჩვენ არავინ გვინახავს უკრაინული მხარის მაღალჩინოსნები დასჯილი, ერთადერთი, რაც ამას შეიძლება მოჰყვეს, არის მხოლოდ მათი თანამდებობიდან გადაყენება, - აღნიშნა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.
დეპუტატი გამოეხმაურა უკრაინული მედიის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო შესაძლოა მუშაობდეს საქმეზე, რომელიც ქვეყნის უმაღლეს რადაში მმართველი ფრაქციის ლიდერის დავით არახამიას ეჭვმიტანილად ცნობას ითვალისწინებს.
„სამწუხარო იქნება თუ დადასტურდება კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც დაკავშირებულია კორუფციულ საქმიანობასთან, იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ამ ქვეყანაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და უდანაშაულო ადამიანები იხოცებიან. რა თქმა უნდა, უნდა დაველოდოთ რეალურად ფაქტებს, რაც დაიდება. ერთი რამ არის, რომ რაც გამოვლინდა აქამდე ჩვენ არავინ გვინახავს უკრაინული მხარის მაღალჩინოსნები დასჯილი. რაც ვნახეთ, ერთადერთი, რაც ამას შეიძლება მოჰყვეს არის მხოლოდ მათი თანამდებობიდან გადაყენება“, - განაცხადა შალამბერიძემ.





