მიხეილ სარჯველაძე: არც ერთ მოთხოვნილ მედიკამენტზე არცერთი ევროპული სახელმწიფო არ იღებს გადაწყვეტილებას, რომ ისინი სახელმწიფო პროგრამაში გამოიყენოს და ბუნებრივია, რომ აქ არც მათთვის და არც ჩვენთვის თანხა არაა გადამწყვეტი
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე
ფოტო: IMEDI/კადრი
არც ერთ მოთხოვნილ მედიკამენტზე არცერთი ევროპული სახელმწიფო არ იღებს გადაწყვეტილებას, რომ ისინი სახელმწიფო პროგრამაში გამოიყენოს და ბუნებრივია, რომ აქ არც ევროპული სახელმწიფოებისთვის და არც ჩვენთვის თანხა არაა გადამწყვეტი, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში" დიუშენის სინდრომის მკურნალობის საკითხზე საუბრისას.
მინისტრის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია საკითხს პასუხისმგებლობით მიუდგეს და იფიქროს, რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია მოთხოვნილი მედიკამენტები.
„მე არც მქონდა მოლოდინი, რომ ამ განცხადების შემდეგ პაციენტების მშობლებისა და ოჯახის წევრების გადაწყვეტილება და დამოკიდებულება ამ მედიკამენტის მოთხოვნასთან დაკავშირებით შეიცვლებოდა. ეს არგუმენტები მათთვის ცნობილი იყო იმ არაერთ შეხვედრაზე, რომელიც ჩაგვიტარებია სამინისტროში და გვისაუბრია. კარგად მესმის ამ მშობლების და თვითონ პაციენტების. ეს მართლაც ძალიან მძიმე, რთული დაავადებაა და ბუნებრივია, კარგად მესმის, რომ ისინი არიან სრულიად სხვაგვარად, ემოციურადაც კი სრულიად სხვაგვარად განწყობილები მედიკამენტთან მიმართებით. აქ დგას საკითხი, რის გამოც გადავწყვიტე, რომ ამ თემაზე ხმამაღლა მესაუბრა. ერთია როგორია პაციენტის მოლოდინი და მეორეა, რომ ასეთ ემოციურ ფონზე, ამ ვითარებაში მივუდგეთ საკითხს პასუხისმგებლობითაც, რომელიც გვავალდებულებს, რომ ვიფიქროთ როგორია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი ამ მედიკამენტების და როგორია ეფექტიანობის საკითხი ამ წამალთან დაკავშირებით. ეს ავხსენი მე დღეს და შევეცადე კარგად მეჩვენებინა, რომ ამ მედიკამენტებიდან არცერთს, არცერთი ევროპული სახელმწიფო არ იღებს გადაწყვეტილებას, რომ მიიღოს და სახელმწიფო პროგრამაში ეს მედიკამენტები გამოიყენოს. ბუნებრივია, რომ ამის მიზეზია არა ის, რომ ვინმეს ფული ენანება ბავშვისთვის, კი ბატონო ძვირიანი წამალია, მაგრამ ბუნებრივია, რომ აქ თანხა არაა გადამწყვეტი ისე, როგორც ევროპული სახელმწიფოებისთვის, ასევე ჩვენთვის. მეორე, რა თქმა უნდა ყველას კარგად ესმის, რომ აქ არსებობს მიზეზები, რის გამოც თავს იკავებენ ევროპული სახელმწიფოები. შესაბამისად, თუ ნორვეგია და ლიხტენშტაინი არ აძლევა ამ მედიკამენტს, ბუნებრივია, რომ აქ არის რაღაც დასაფიქრებელი. ამის ჩვენება მინდოდა იმის საპირისპიროდ, რასაც ეს დღეებია ვისმენთ",- აღნიშნა სარჯველაძემ.





