რატი იონათამიშვილი: გვახსოვს ისეთი საქმეები, სადაც ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობა“ და რუსეთის ფედერაცია ერთად იბრძოდნენ საქართველოს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ჩვენ რუსეთი და „ნაცები“ ერთად დავამარცხეთ
პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი
ფოტო: ვიდეო/კადრი
სტრასბურგის სასამართლო არის ის პლატფორმა, სადაც საქართველო 10:0-ს უგებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და 10:0-ს უგებს რუსეთის ფედერაციას. გვახსოვს ისეთი საქმეები, სადაც ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობა“ და რუსეთის ფედერაცია ერთად იბრძოდნენ საქართველოს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ჩვენ რუსეთი და „ნაცები“ ერთად დავამარცხეთ. ეს საქმეები კონკრეტულად ოკუპაციას ეხებოდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, იგივე ბედი ელის იმ საჩივარსაც, რომელიც „ენჯეოებმა“ „ფარას“ ანალოგი კანონის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში შეიტანეს.
„რაც შეეხება კონკრეტულად ამ საქმეს, როგორც ჩანს ეს ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჯერზე ძალიან მწარედ მარცხდებიან სტრასბურგში, მაინც ცდილობენ ერთი და იგივე წრეზე ბრუნვას და ძალიან კარგი - კიდევ ერთხელ დამარცხდებიან, ვინაიდან გამჭვირვალობის პრინციპი არის უალტერნატივო. ეს არის საერთო ევროპული, დასავლური ღირებულება, რომლის წინააღმდეგ ვინც მიდის, ის მიდის ინფორმირებული მოქალაქის წინააღმდეგ. ძალიან საინტერესო ნიუანსია, ამ სარჩელის ავტორები, ვინც საქართველოს წინააღმდეგ შეიტანეს ეს სარჩელი ხომ ამბობდნენ, რომ პროექტი მიღების პროცესშივე იყო უარყოფითი ზეგავლენის მომხდენი ამ ე.წ. მდიდარ „ენჯეოებზე“. და აქაც ვიგებთ იმას, რომ შეჩერების მოთხოვნით ან არ მიუმართავთ სტრასბურგის სასამართლოსთვის, ან მიმართეს და სტრასბურგის სასამართლომ ეს არ დააკმაყოფილა. ჩვეულებრივი სტანდარტული პროცესებით განიხილება სტრასბურგის სასამართლოში ეს საქმე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დავიცვათ გამჭვირვალობა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა განაცხადა, რომ ევროპულმა სასამართლომ თითქმის 9 თვის თავზე გამოაგზავნა სახელმწიფოსთან საპასუხოდ ის საჩივარი, რომლითაც „ენჯეოებმა“ მიმართეს. მისი თქმით, ევროპული სასამართლო ამ საჩივრებს განიხილავს სტანდარტული პროცედურით, ყოველგვარი დაჩქარების გარეშე.





