გიორგი ჯინჭარაძე: ჩვენთვის გაზრდილი ბიუჯეტი არ არის მხოლოდ ციფრები, ეს არის მეტი შესაძლებლობა ჩვენი დევნილი საზოგადოებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერს მისი მხარდაჭერისთვის და იმ პროექტებისთვის, რომელსაც ვახორციელებთ
პოლიტიკა

გიორგი ჯინჭარაძე
ფოტო: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ჩვენთვის გაზრდილი ბიუჯეტი არ არის მხოლოდ ციფრები, ეს არის მეტი შესაძლებლობა ჩვენი დევნილი საზოგადოებისთვის. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს მისი უშუალო ჩართულობისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ უპრეცედენტო პროექტებისთვის, რომელსაც ვახორციელებთ და ეს არის მიმართული როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ჯანდაცვის კუთხით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს დაახლოებით 3 მილიონი ლარი მოხმარდება კომპაქტურ ჩასახლებებში ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციებს.
„ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტები წელს დაახლოებით 3 მილიონ ლარს მოიცავს და გულისხმობს კომპაქტურ ჩასახლებებში ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციებს.
ასევე, არ შემიძლია არ აღვნიშნო ჯანდაცვის მიმართულებით დევნილთა პოლიკლინიკების რეაბილიტაცია და ტექნიკური აღჭურვა. ამ კუთხით ბატონი პრემიერის გადაწყვეტილებით გამოიყო 2 მილიონი ლარი, რასაც ჩვენ აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტიდან მილიონი ლარი დავამატეთ და 3 მილიონი ლარი მოხმარდება დევნილთა პოლიკლინიკების გაუმჯობესებას, რეაბილიტაციას, ტექნიკურ აღჭურვას და ეს ყველაფერი დაკავშირებულია ჩვენი დევნილი საზოგადოების ჯანმრთელობასთან. მეტი ჯანდაცვის პროგრამის სერვისის შეთავაზებისკენ და ეს ნამდვილად უპრეცედენტო პროექტებია“, - აღნიშნა ჯინჭარაძემ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ქალთა კვირეულზე, რომლის ფარგლებშიც ომში დაღუპული მეომრების დედებისთვის სპეციალური ფულადი დახმარება გამოიყოფა.
„ქალთა კვირეულის ფარგლებში ჩვენს საზოგადოებას შევთავაზეთ სხვადასხვა ღონისძიება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ადამიანების დედებთან შეხვედრა, მივულოცეთ დედის და ქალთა დღე და გადავწყვიტეთ, რომ 500-ლარიანი ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ. დაახლოებით აპრილის ბოლოს ჩვენ გვექნება სრული სია და შევძლებთ აღნიშნული მხარდაჭერის განხორციელებას.
აღნიშნული კვირეულის ფარგლებში ჩვენ გვქონდა არაერთი ღონისძიება, ქალბატონებს შევთავაზეთ უფასო გამოკვლევები, ასევე გვქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვედრა დევნილ მსჯავრდებულებთან, სადაც შევთავაზეთ რესოციალიზაციის პროექტები. მეწარმეობაც ჩვენი პრიორიტეტია, დევნილ ქალ მეწარმეებს შევთავაზეთ საგამოფენო სივრცე, რომელიც არ იქნება ერთჯერადი და დევნილ ქალ მეწარმეებს საშუალება ექნებათ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია მოახდინონ აღნიშნულ სივრცეში“, - განმარტა გიორგი ჯინჭარაძემ.




