თენგიზ შარმანაშვილი: შავ ზღვაზე გამავალი კასპიის მარშრუტები არ შეიძლება განიხილებოდეს საქართველოს გარეშე. თუ რეალისტურად იქნებიან განწყობილი ამ გზისადმი, აუცილებლად მოუწევთ საქართველოსთან ურთიერთობაში შემდეგი ნაბიჯების გადადგმა
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი
ფოტო: IMEDI/კადრი
შავ ზღვაზე გამავალი კასპიის მარშრუტები არ შეიძლება განიხილებოდეს საქართველოს გარეშე. თუ რეალისტურად იქნებიან განწყობილი ამ გზისადმი, აუცილებლად მოუწევთ საქართველოსთან ურთიერთობაში შემდეგი ნაბიჯების გადადგმა, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
დეპუტატი ევროკომიის პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ელჩებთან შეხვედრაზე გააჟღერა და სადაც სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობის გადალაგებებთან დაკავშირებით იყო მინიშნებები.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეხვედრაზე ისაუბრა ტრანსკასპიური დერეფნის შესახებაც, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა, მშვიდობისკენ მიმავალ გზადაც იქცეს.
„ეს არის რეალობა, რომელზეც ჯერ კიდევ გუშინ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საუბრობდა, სადაც მოუწოდებდა ევრობიუროკრატიას, რომ ევროპის იდეოლოგიებიდან გამომდინარე იმოქმედოს და არა კლიშეებიდან, რისი მსხვერპლიც ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობაცაა. ვნახოთ, საქართველოს მიმართ პირდაპირ გადადგამენ თუ არა ნაბიჯს, ჯერ ზოგადად საუბრობენ ამ თემაზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს არის გამოღვიძება და იმ რეალობის დანახვა, რომელიც არსებობს. რა თქმა უნდა, შავ ზღვაზე გამავალი კასპიის მარშრუტები არ შეიძლება საქართველოს გარეშე იყოს განხილული. ეს არის დივერსიფიცირებული და აქ დგას როგორც უსაფრთხოების, ასევე გამტარუნარიანობის საკითხიც. იმ ტვირთების მოცულობა, რაზეც არის ლაპარაკი, მხოლოდ ერთი გზით ვერ გადაიზიდება და ისინი თუ რეალისტურად იქნებიან განწყობილი ამ გზისადმი აუცილებლად მოუწევთ საქართველოსთან ურთიერთობაში შემდეგი ნაბიჯების გადადგმა“,- განაცხადა შარმანაშვილმა.




