დიტო ყირიმლიშვილი
კონსილიუმმა თემირლან მაჩალიკაშვილის ტრანსპორტირება დასაშვებად ცნო
პოლიტიკა

თემირლან მაჩალიკაშვილი
თემირლან მაჩალიკაშვილის ტრანსპორტირება დასაშვებია. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ექიმების მეორე კონსილიუმის ჩატარების შემდეგ თქვა.
ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის განმარტებით დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა თუმცა ტრანსპორტირება დასაშვებია. ჯერ უცნობია ადგილი თუ სად გააგრძელებს პაციენტი მკურნალობას, ეს უახლოეს მომავალში დაზუსტდება.
ადვოკატი ამბობს, რომ მაჩალიკაშვილის გადაყვანას ოჯახი ითხოვს. ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ კლინიკამ, რომელშიც მაჩალიკაშვილი გააგრძელებს მკურნალობას, უნდა აიღოს პაციენტზე პასუხისმგებლობა არამარტო კლინიკაში მისი მიღების შემდეგ არამედ, უშუალოდ ტრანსპორტირების დროსაც.
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის ექიმი ზაზა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის უცხოეთში გადაყვანის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო კონსილიუმებზე მიიღებენ. მისი თქმით, ბოლო კონსილიუმის მონაწილეთა ნაწილმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, რომ პაციენტის გადაყვანა მოხდეს. ლურსმანაშვილის თქმით, კონსილიუმში რუსეთში მომუშავე ქართველი ნეიროქირურგიც მონაწილეობდა, რომელიც სპეციალურად დღეს ჩამოვიდა თბილისში. მოწვეული ექიმი ფიქრობს, რომ მაჩალიკაშვილს ქირურგიული ოპერაცია არ სჭირდება და მკურნალობა რეანიმაციული დაკვირვებით უნდა გაგრძელდეს.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, მაჩალიკაშვილის გადაყვანა გერმანიის, ისრაელის ან ავსტრიის კლინიკებში მოიაზრება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ უცნობია. დღევანდელი კონსილიუმის წევრთაგან ზოგმა თქვა, რომ პაციენტისთვის ფრენა რისკებთან არის დაკავშირებული.
შეგახსენებთ, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა.
პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მიხედვით, დაკავებულები, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.
სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.





