მათიკაშვილი: სტრასბურგმა დაადასტურა, რომ 20 ივნისის აქცია იყო ძალადობრივი და სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური, თუმცა არაპროპორციული, სწორედ ამ საკითხში ის არის პასუხისმგებელი, ვინც პოლიციელებს ბრძანებას აძლევდა
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს აქცია იყო ძალადობრივი და სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური, თუმცა არაპროპორციული, სწორედ ამ საკითხში ის არის პასუხისმგებელი, ვინც პოლიციელებს ბრძანებას აძლევდა,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა გვარამიას ნათქვამის შეფასებისას, რომ თუ გახარიას დააპატიმრებენ, ის პოლიტიკური პატიმარი იქნება.
დეპუტატის თქმით, გვარამიამ კარგად იცის საქმის მოცემულობა და ამაზე წარსულში არაერთი კომენტარი გაუკეთებია, თუმცა, ახლა იმას საუბრობს, რაც თვითონ აწყობს.
„ხომ ძალიან კარგად ვიცით გახარიას მოცემულობა რა იყო მაშინ, ცნობილი მოვლენების ფონზე, რაზედაც სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დადო დასკვნა, თუ როგორ იყო გადამეტებული ძალა გამოყენებული იმ მიტინგის მიმართ, რომელიც კი, იყო ძალადობრივი, სტრასბურგის სასამართლომ ეს დაადასტურა და მიზნად ისახავდა პარლამენტის შენობის დაკავებას. ამ ძალმომრეობის მიმართ სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური, მაგრამ პროპორციულობა იყო დარღვეული და სწორედ ამ პროპორციულობის საკითხში ვინც აძლევდა ბრძანებას პოლიციელებს, ის არის პასუხისმგებელი. ეს ძალიან კარგად იცის გვარამიამაც. ჩვენ შეგვიძლია ამოვიღოთ არქივი და ვნახოთ რა განცხადებებს აკეთებდნენ გვარამია და მათი ე.წ. პოლიტიკური პარტიის წევრები. დღეს, როცა სჭირდებათ პოლიტიკურ მდგენელზე საკუთარი სოუსით შეკმაზვა, იმ მიმართულებას აიღებენ, რაც მათ სურთ",- აღნიშნა მათიკაშვილმა.
იმ შემთხვევაში თუ გიორგი გახარიას 20 ივნისის გამო დააკავებენ, ნიკა გვარამიასთვის გახარია პოლიტიკური პატიმარი იქნება. გვარამია პოლიტპატიმრად მიიჩნევს ყველას, ვინც როგორც თავად აცხადებს, პოლიტიკური პროცესების გამო არის დაკავებული. 20 ივნისის საქმესაც, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც არსებობს, ნიკა გვარამია არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ საქმედ განიხილავს.




