როგორ შეიძლება, „იმედმა“, რომელიც ქართულენოვანი მაუწყებელია, გამოიწვიოს დესტაბილიზაცია სხვა ქვეყანაში - „იმედის კვირამ“ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ოფიციალური წერილით მიმართა
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
„იმედის კვირამ“ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მისი ქვეყნის მთავრობის მიერ ტელეკომპანია „იმედისთვის“ დაწესებული სანქციების შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა.
კერძოდ, „იმედის კვირამ“ ჰკითხა მინისტრს, როგორ შეიძლება, „იმედმა“, რომელიც ქართულენოვანი მაუწყებელია, გამოიწვიოს დესტაბილიზაცია სხვა ქვეყანაში - არხმა, რომელიც არც სამხედრო სტრუქტურას წარმოადგენს, არც ფსიქოლოგიური ოპერაციების ცენტრს და არც ჰიბრიდული ზემოქმედების ინსტრუმენტს; „იმედი“ არის მედიასაშუალება, რომელიც ამზადებს საინფორმაციო და ანალიტიკურ პროგრამებს.
„იმედის კვირა“ ისევ ელოდება პასუხს კითხვებზე, დეტალურ დასაბუთებას, არგუმენტებს და ფაქტებს - რას დააფუძნეს ტელეკომპანიისთვის დაწესებული სანქციები. თუმცა, პასუხი ჯერ არ არის, ისევე როგორც თბილისში მყოფი ელჩისგან.
როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
თავისუფალ მედიაზე დიდი ბრიტანეთის თავდასხმის გამო საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. მან შეხვედრა კომენტარის გარეშე დატოვა.
საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, 40 წუთის განმავლობაში მას არ მოუსმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ლონდონმა.
დიდი ბრიტანეთის თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ტელეკომპანია „იმედმა“.





