ბექა ძამაშვილი: ეს გადაწყვეტილება მთლიანად გასულია ევროპული კონვენციის სტანდარტებიდან. სტრასბურგის პრეცედენტები აჩვენებს, რომ გაეროს მიერ ტერორისტად გამოცხადებული პირების უფლებებში ჩარევაც კი ძალიან მაღალი სტანდარტით არის დაცული
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
კონკრეტული სუბიექტების, მედიების გადასაწყვეტია, რომ სამართლებრივად დაიცვან საკუთარი უფლებები, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე საუბრისას.
მისი თქმით, სუფთა იურიდიული შეფასებით, დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება მთლიანად გასულია მათ შორის ევროპული კონვენციის სტანდარტებიდან.
„კონკრეტული სუბიექტების, მედიების გადასაწყვეტია, რომ სამართლებრივად დაიცვან საკუთარი უფლებები. ევროპული სასამართლოს პრაქტიკა რასაც აჩვენებს, როდესაც ასეთი უხეში ფორმით ხდება ჩარევა ადამიანის უფლებებში, ზოგადად, ინდივიდის უფლებებში და აქ მედიას კიდევ უფრო მეტი დაცვის გარანტია უნდა ჰქონდეს, სტრასბურგის პრეცედენტები აჩვენებს, რომ გაეროს მიერ ტერორისტად გამოცხადებული პირების უფლებებში ჩარევაც კი ძალიან მაღალი სტანდარტით არის დაცული.
ზუსტად ანალოგიური პრეცედენტი არ იძებნება და ალბათ ლოგიკურიც არის, რომ აქამდე არცერთ სახელმწიფოს გასჩენია სურვილი სხვა სახელმწიფოს იურისდიქციაში შეჭრილიყო და იქ მედიის შეზღუდვის მცდელობა ჰქონოდა. ამიტომ, პირდაპირ ანალოგი არ არის, მაგრამ ანალოგად გამოდგება, როდესაც სახელმწიფოები ქვეყნის შიგნითვე ზღუდავდნენ მედიას. ეს პრეცედენტები საკმაოდ მრავლად არის, სანქციის არასწორად გამოყენების პრეცედენტებიც მრავლად არის. სუფთა იურიდიული შეფასება რომ მივცეთ, ეს გადაწყვეტილება არის მთლიანად გასული, მათ შორის ევროპული კონვენციის სტანდარტებიდან“, - აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.





