ბექა ძამაშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც ცდილობ სხვა ქვეყნის იურისდიქციაში შეიჭრა და გქონდეს მცდელობა შეზღუდო მედიის საქმიანობა
პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა შეაფასა. როგორც მან განმარტა, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც ცდილობ სხვა ქვეყნის იურისდიქციაში შეიჭრა და გქონდეს მცდელობა შეზღუდო მედიის საქმიანობა.
„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა პირდაპირ აღნიშნავს, რომ ნებისმიერ ქვეყანაში მედიაპლურალიზმის არსებობა არის დემოკრატიის განუყოფელი ნაწილი, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოებს აქვთ სამართლებრივი ვალდებულება, უზრუნველყონ მედიაპლურალიზმი საკუთარ ქვეყნებში, შესაბამისად პირველ რიგში ყველა სახელმწიფოს ევალება საკუთარ ქვეყანაში იყოს უზრუნველყოფილი მედიის თავისუფლება და მით უმეტეს, სახელმწიფოებს რაიმე ფორმით მედიის თავისუფლებაში ჩარევა ეკრძალებათ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.
საერთაშორისო სამართლის სხვა პრინციპების დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც ცდილობ სხვა ქვეყნის იურისდიქციაში შეიჭრა და გქონდეს მცდელობა შეზღუდო მედიის საქმიანობა,
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასეთი მნიშვნელოვანი უფლების შეზღუდვაზე, ეს ყოველთვის უნდა იყოს მკაცრად, სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობილი.
არა მხოლოდ ამ საკითხზე, მათ შორის, როდესაც საუბარია ტერორიზმთან ბრძოლაზე და პროპაგანდაზე, ეს უნდა იყოს განმტკიცებული ფაქტებით. პროპაგანდა არის, როდესაც ამას აქვს სისტემატიური, მიზანმიმართული ხასიათი და ხდება მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაციის გავრცელება. ამას უნდა ჰქონდეს მტკიცებულება - კონკრეტულად რომელ გადაცემაზეა საუბარი, სად ჰქონდა სისტემური ხასიათი და რაში გამოიხატა პროპაგანდა. მთავარია, რომ ამ პროპაგანდას ყოველთვის უნდა ჰქონდეს შედეგი.
ის შედეგი, რაზეც არის საუბარი, რომ თითქოს ამან გამოიწვია რაღაც დესტაბილიზაცია ან სუვერენიტეტის შეზღუდვა, არის ისეთი საფუძვლები, რომლებიც საერთაშორისო სამართლით კი არის განსაზღვრული, მაგრამ როგორც წესი, სახელმწიფოებს აძლევს შეზღუდვის შესაძლებლობას, თუ მისი ქვეყნის შიგნით აღმოცენდება ისეთი მედიასაშუალება, რომელიც ან ხელისუფლების დამხობას ემსახურება ან საზოგადოებაში მასობრივი არეულობის გამოწვევას. ოღონდ ამ შემთხვევაშიც ევროპული სასამართლო მოითხოვს, ეს იყოს მკაცრად დოკუმენტირებული, მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ამასაც სჭირდება შესაბამისი პროცედურების დაცვა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცედურა არის, რომ ასეთი დონის შეზღუდვა აუცილებლად სასამართლოს კონტროლით უნდა განხორციელდეს.
ტელეკომპანია „იმედს“ უნდა ჰქონოდა იმის შესაძლებლობა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია დაეფიქსირებინა, კონკრეტულად რაზე იყო საუბარი, ამაზე ინფორმაცია ჰქონოდა და ამ მსჯელობაზე დაყრდნობით მიეღოთ რაღაც გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი ხომ არ მოხდარა, ეს იყო ყველასთვის სიურპრიზი იყო“, - აღნიშნა ძამაშვილმა.





