რატი იონათამიშვილი: პირველი მოსმენით მხარი დავუჭირეთ ცვლილებებს კანონში შშმ პირთა უფლებების შესახებ. გახარიას პარტიის 7-მა წევრმა საწინააღმდეგოდ მისცა ხმა! თან ისე, რომ განხილვის დროს არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ
პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, გახარიას პარტიის 7-მა წევრმა შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ მისცა ხმა.
„დღეს 84 ხმით 7-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მხარი დავუჭირეთ ცვლილებებს კანონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, რომელიც ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის საკითხს ეხება. ეს ცვლილებები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
გახარიას პარტიის 7-მა წევრმა შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ მისცა ხმა! თან ისე, რომ განხილვის დროს არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ, არც ფრაქციის დროით უსარგებლიათ და არც არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.
თუ არ იცოდნენ, რომელი საკითხი იდგა კენჭისყრაზე და ისე უარყვეს, ეს ერთი უბედურებაა და, თუ იცოდნენ და შეგნებულად წავიდნენ წინააღმდეგი, მაშინ “გახარიების” მხრიდან ეს არის შშმ პირთა უფლებების წინააღმდეგ გადადგმული აქტი და მათ მოუწევთ შშმ პირებს აუხსნან, რატომ არიან იმ ცვლილებების წინააღმდეგი, რომელსაც შშმ პირებისთვის ესეთი დიდი მნიშვნელობა აქვს“, - წერს იგი.




