ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში - მედიის ჯილდო თუ ძალადობის წახალისება?!
პოლიტიკა

ფოტო: Facebook
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, 6 თებერვალს, ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის გამარჯვებულები გამოავლინა, რომლებიც ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, დააჯილდოვა.
შვიდი საპრიზო კატეგორიიდან, გამოცემა "პუბლიკამ" სამ კატეგორიაში გაიმარჯვა: საუკეთესო ბლოგი, საუკეთესო დოკუმენტური ფოტო და საუკეთესო სიუჟეტი - სამივე მათგანი ძალადობრივ აქციებში მონაწილეებს შეეხება, მათ შორის, მზია ამაღლობელს. სწორედ ამ უკანასკნელის ფოტო გახდა "საერთო ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტოს" კატეგორიაში გამარჯვებული, რომელიც "პუბლიკას" რეპორტიორმა მაშინ გადაუღო, როცა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმის სისხლის სამართლის საქმეზე მისი მორიგი სხდომა მიმდინარეობდა.
რას წარმოადგენს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში, მედიის ჯილდოს თუ ძალადობის წახალისებას?!
ევროკავშირის მიერ გამოვლენილი საუკეთესო ბლოგი და საუკეთესო სიუჟეტიც, სწორედ სახელმწიფოს და სამართალდამცავების შეურაცხყოფის მონაწილეების შესახებ მომზადებული მასალაა, სადაც, დაკავებულები, "სინდისის პატიმრებად" არიან მოხსენიებული.
უფრო კონკრეტულად, საუკეთესო ბლოგის ნომინაციაში გამარჯვებულია "ფოტორეპორტიორის საბოლოო სიტყვა", რომელიც ეხება სასამართლოში პროცესების გადაღების აკრძალვას. მასში ვკითხულობთ: "...ეს იყო შესაძლებლობა, რომელსაც სინდისის პატიმრები ხშირად სამოქალაქო პოზიციის დასაფიქსირებლად, საზოგადოებამდე თავიანთი სათქმელის მისატანადაც იყენებდნენ." "...„პუბლიკამ“ სასამართლო პროცესების აქტიურად გაშუქება 2024 წლის რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების შემდეგ დაიწყო. მაშინ ქართული სასამართლო სისტემა სინდისის ათი პატიმარის საქმეს განიხილავდა."
მასალაში მრავლადაა თავმოყრილი "სინდისის პატიმრების" ფოტოებიც, ავტორი კი აცხადებს, რომ "...მედიამ საზოგადოებას აჩვენა რეჟიმის მიერ რადიკალებად შერაცხული სინდისის პატიმრების საქმეები, ისტორიები, მოუყვა ცრუ მოწმეებზე, აჩვენა მოსამართლეთა სახეები."
პოლიციელებზე თავდასხმის, სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-ტარების (ანტონ ჩეჩინი) ბრალდებით დაკავებულთა რომანტიზებული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ მომზადებული ბლოგის და მზია ამაღლობელის ფოტოს გარდა, ევროკავშირს "პუბლიკადან" მესამე გამარჯვებულიც ჰყავს საუკეთესო სიუჟეტის ნომინაციაში.
"პუბლიკას" რეპორტიორის, ალექსანდრე ქეშელაშვილის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში საუბარია იმაზე, რომ ძალადობრივი აქციების გაშუქების დროს, "ის პოლიციელებმა სცემეს და გაძარცვეს", შსს კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. საბოლოოდ, სასამართლომ ქეშელაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და მას სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.
საინტერესო დეტალია ისიც, რომ დაჯილდოების ცერემონიაზე წაიკითხეს მზია ამაღლობელის წერილი, სადაც ის ამბობს: "ეს შეხვედრა განსაკუთრებით ღირებული და წონადი მგონია იმის გამოც, რომ ის ევროკავშირის ორგანიზებულია – გაერთიანების, რომელიც იყო და მჯერა, მომავალშიც იქნება მსოფლიოს უსაფრთხოების, სამართლიანობის, თანასწორობისა და კეთილდღეობის კომპასი." მისივე თქმით, "რეჟიმს თავისი რეპრესიული და მტრული დამოკიდებულებებით ჩვენი პროფესიის – ჟურნალისტიკის მკვლელობა აქვს დაგეგმილი."
ამაღლობელი წერილში საუბრობს მათე დევიძეზეც - "20 წლის მუსიკოსი ბიჭი, ერთ-ერთი იმ პოლიტპატიმრებს შორის, ვინც ქუჩაში ევროპული მომავლის მოთხოვნით გამოვიდა და დააკავეს", საზოგადოებამ კი იხილა, თუ როგორ ურტყამს დევიძე ჯოხს სამართალდამცავებს მელიქიშვილზე მიმდინარე აქციისას.
თუ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას დავუჯერებთ, "კონკურსი ხელს უწყობს პროფესიული და ეთიკური ჟურნალისტიკის განმტკიცებას საქართველოში." მათივე ინფორმაციით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ევროკავშირის პრიზით დაჯილდოვდა გამორჩეული ნამუშევრები, რომლებიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება.
და მაინც, რეალურად, რას აჯილდოვებს ევროკავშირი საქართველოში - ჟურნალისტიკას თუ სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე განხორციელებულ ძალადობას?





