მაჭარაშვილი ევროინტეგრაციის საკითხზე დისკუსიაზე: არც ერთი გაერთიანება არ არის თვითმიზანი, ნებისმიერი გაერთიანება არის შენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოში ქართველი ხალხი ხედავს უკვე იმას, რასაც ჩვენ ადრე ვამბობდით
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე პოლიტიკური დისკუსიის გახსნას გულისხმობს, პოლიტიკური შეფასებები კეთდება. „ხალხის ძალაში“ მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანამ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს.
„დღეს უკვე ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი ხელჩართული ბრძოლა მიდის და ჩვენ ვხედავთ იმას, რომ რასაც ჩვენ - „ხალხის ძალა“ ვამბობდით 2-3 წლის წინ, იმას ახლა შეერთებული შტატები ძალიან ღიად საუბრობს. აქ საუბარია პრობლემებზე, უსამართლო განცხადებებზე, ორმაგ სტანდარტებზე. ზოგადად არც ერთი გაერთიანება არ არის ილუზია და თვითმიზანი, ნებისმიერი გაერთიანება არის შენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოში ქართველი ხალხი ხედავს უკვე იმას, რასაც ჩვენ ადრე ვამბობდით და გამოგვქონდა კულისებიდან სიმართლის სახით”, - აცხადებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „ბოლო დროს საზოგადოებაში სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა — არის კი მართებული და ეროვნულ ინტერესებთან, მათ შორის ქვეყნის უსაფრთხოების პრინციპებთან თავსებადი ის საგარეო კურსი, რომელიც ხელისუფლებას აქვს არჩეული."




