მარიამ ლაშხი ნინო დობორჯგინიძეზე: სამარცხვინოა, როდესაც რექტორი უშუალოდ არის ჩართული პოლიტიკურ აქტივობებში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ დამახინჯებულ მენტალიტეტს, რომელიც ჩამოყალიბდა „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში“
პოლიტიკა

მარიამ ლაშხი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
სამარცხვინოა და ზუსტად იმ ისტორიის წაშლა ხდება, როდესაც ჩვენი უნივერსიტეტები იყო, როგორც ერის ჩამოყალიბებაში, განვითარებაში, ასევე პირველ რიგში იმის უზრუნველსაყოფად, რომ უნივერსიტეტი ყოფილიყო განათლების მიმწოდებელი და არა პოლიტიკური მანიპულაციებისა თუ აქტივიზმის პლატფორმა, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა ნინო დობორჯგინიძეზე საუბრისას.
მისივე თქმით, სამარცხვინოა, როდესაც ეს ხდება რექტორის მხრიდან.
„სამარცხვინოა, როდესაც ეს ხდება რექტორის მხრიდან, როდესაც რექტორი უშუალოდ არის ჩართული პოლიტიკურ აქტივობებში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ დამახინჯებულ მენტალიტეტს, რომელიც ჩამოყალიბდა „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში““, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
ნინო დობორჯგინიძე როგორც სოციალურ ქსელში, ისე საპროტესტო აქციებსა და სატელევიზიო ეთერებში, ღიად არის ჩართული და პოლიტიკურ შეხედულებებს გამოხატავს. გარდა ამისა, პარტია „თავისუფლების მოედანმა“ გაავრცელა ანონსი, სადაც მითითებულია, რომ მათ პოლიტიკურ ღონისძიებებში ილიაუნის რექტორი სპიკერის როლში ერთვება.




