შალვა პაპუაშვილი საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნაზე: იმედია, უკრაინის ხელისუფლებამ გადაიაზრა, რომ ის მტრული რიტორიკა, რომელიც ქართველების წინააღმდეგ გვესმოდა შედეგის მომტანი არ არის - ელჩის დანიშვნა მნიშვნელოვანია
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
შალვა პაპუაშვილი მედიასთან, საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნას ეხმიანება. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია.
„უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოში ელჩი დანიშნა, რაც ერთი მხრივ, თავად ფაქტი, მისასალმებელია და მეორე მხრივ ჩნდება კითხვა - რა შეიცვალა?! საქართველოს თავის პოლიტიკა არ შეუცვლია. როგორც 4 წლის წინ ვთქვით, რომ არ დავაწესებთ ორმხრივ საანქციებს, ახლაც ვამბობთ - არ დავაწესებთ; როგორც 4 წლის წინ ვთქვით, რომ არ გავაგზავნით ქართველებს საომრად, ახლაც არ ვაპირებთ. ეს იყო 2 მიზეზი, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაასახელა მაშინ, რატომაც გაიწვია საქართველოდან ელჩი. აქედან ჩვენი პოზიცია ორივეზე იგივე დარჩა.
ელჩის დანიშვნის ფაქტი, იმედია იმას აჩვენებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ გადაიაზრა, რომ ის მტრული რიტორიკა, რომელიც ქართველების წინააღმდეგ გვესმოდა, ის ანტიქართული გადაწყვეტილებები შედეგის მომტანი არ არის და ამიტომ ელჩის დანიშვნა მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.




