ნინო წილოსანი: ეს იყო კარგად დაგეგმილი მედიაკამპანია, რომელსაც ადამიანებში უნდა გამოეწვია შეცოდების გრძნობა. ვისთან მიმართებითაც დიდი მედიაკამპანია იყო აწეული გუშინ, მათი მხრიდან არც ერთხელ გაჟღერებულა შეწყალების მოთხოვნა
პოლიტიკა

ნინო წილოსანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ეს იყო კარგად დაგეგმილი მედიაკამპანია, რომელსაც ადამიანებში უნდა გამოეწვია შეცოდების გრძნობა. ვისთან მიმართებითაც დიდი მედიაკამპანია იყო აწეული გუშინ, მათი მხრიდან არც ერთხელ გაჟღერებულა შეწყალების მოთხოვნა, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, შეწყალების აქტთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ შექმნილ ცრუ მოლოდინებს და ატეხილ აჟიოტაჟს.
მისი თქმით, ოპოზიციამ და მათმა ტელევიზიებმა ცრუ მოლოდინი თავად შექმნეს. თავადვე დადგეს სპექტაკლი, ახლა კი ხელისუფლებას ფსიქოლოგიურ ტერორს აბრალებენ.
ნინო წილოსანის განცხადებით, ყველასთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტი შეწყალების აქტს დანაშაულის აღიარებისა და მონანიების გარეშე არ გამოსცემს, ან უნდა იყოს განსაკუთრებული გარემოება. ოპოზიციამ კი მსჯავრდებულების ოჯახის წევრები პიარისთვის გამოიყენა.
„გუშინ, სამწუხაროდ, შეწყალებაზე აპელირებით ძალიან მავნებლური პროცესი გაიმართა. შეწყალება ვიცით, რომ ორმხრივი პროცესია. ერთია, ადამიანი ვინც ითხოვს შეწყალებას და მეორე, პრეზიდენტი, რომელმაც უნდა შეიწყალოს. პროცედურულად ვიცით, რომ თავად პატიმრები წერენ განაცხადს შეწყალებასთან დაკავშირებით. თუმცა იმ ადამიანებთან მიმართებით ვისი ოჯახის წევრებიც და ვისთან მიმართებითაც დიდი მედიაკამპანია იყო აწეული გუშინ, ვიცით, რომ მათი მხრიდან, არც პირადად მათი, არც მათი ოჯახის წევრების მხრიდან არც ერთხელ არ გაჟღერებულა შეწყალების მოთხოვნა. რაც ეს ადამიანები დაკავებულები არიან, დაახლოებით 4-5-ჯერ მოახდინა პრეზიდენტმა შეწყალების აქტი. თუმცა არც ერთხელ არ გვინახავს მათი მხრიდან კამპანიურად აგორებული მოთხოვნა შეწყალებასთან დაკავშირებით. რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს. ერთი, რომ მათ საერთოდ გადაეწურათ იმედი, რომ მათი პატიმრები როგორღაც დაიხსნიან თავს ციხიდან და მეორე, ეს იყო კარგად დაგეგმილი პროცესი და მედიაკამპანია, რომელსაც ადამიანებში უნდა გამოეწვია შეცოდების გრძნობა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.





