პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი შსს-ს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას სწავლობს
პოლიტიკა

თამარ ქალდანი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სწავლობს დაირღვა თუ არა ადამიანის პირადი ინფორმაცია შსს-ს მიერ გუშინ გავრცელებული განცხადებით. ამის შესახებ 1tv წერს.
საქმე ეხება სოფელ ქისტაურში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას. საია ამბობს, რომ შსს-ს განცხადებში მითითებულია დეტალური ინფორმაცია მოქალაქე თ.შ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ინფორმაციის გავრცელების დღესვე დაიწყო საკითხის შესწავლა. დაგეგმილია ინსპექტირება, რომლის ფარგლებში დეტალურად იქნება გამოკვლეული დიაგნოზის გასაჯაროების სამართლებრივი საფუძვლები, მიზანი, ასევე კანონით დადგენილი პრინციპების დაცულობა. სამართლებრივ შეფასებას ინსპექტორის აპარატი პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
ამ ეტაპზე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის თანახმად, ინფორმაცია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სამედიცინო დიაგნოზი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს განეკუთვნება. კანონი ამ ტიპის ინფორმაციის დაცვისთვის საკმაოდ მაღალ სტანდარტს აწესებს და დაუშვებლად მიიჩნევს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა გასაჯაროებას პირის თანხმობის გარეშე", – აცხადებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატში.
საია შსს-ს მოუწოდებს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემები გამჟღავნებისგან დაიცვას.
26 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაასრულა სოფელ ქისტაურში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
ორი დღის წინ, საპოლიციო კონტროლის ფარგლებში, სამართალდამცველები სოფელ ქისტაურში, ერთ-ერთ ოჯახში სახლის გასაჩხრეკად შევიდნენ. ამის შემდეგ ოჯახის დიასახლისი შეუძლოდ გახდა და ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოჯახი ამ ფაქტს პოლიციელების მხრიდან უხეშობას უკავშირებდა.





