თორნიკე ჭეიშვილი: მოლაპარაკებათა მაგიდასთან დღეს ევროკავშირს აღარ აქვს თავისი ადგილი, როცა საქმე ეხება რუსეთ-უკრაინის ომს და შესაბამის კომუნიკაციას, რაც წარმოებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შორის
პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ეს შეიძლება იყოს პრაგმატული, ან უბრალო ეჭვიანობით ნაკარნახევი ნაბიჯი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ევროკავშირს რუსეთთან მოლაპარაკებაში სპეციალური წარმომადგენელი ჰყავდეს.
ჭეიშვილის თქმით, ეჭვიანობა უკავშირდება იმას, რომ ევროკავშირი დარჩა თამაშგარე მდგომარეობაში.
„მოლაპარაკებათა მაგიდასთან დღეს ევროკავშირს აღარ აქვს თავისი ადგილი, როცა საქმე ეხება რუსეთ-უკრაინის ომს და შესაბამის კომუნიკაციას, რაც წარმოებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შორის. მეორე ფაქტორია, რამდენად შედის ამ ძალების ინტერესში, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ვხედავთ მცდელობას იმისა, რომ მათ ადგილი დაიბრუნონ, თუ მოიპოვონ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში შესაბამის მაგიდასთან. ძალიან საინტერესო იქნება იმაზე დაკვირვება, რეალურად რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს შესაბამისი წარმომადგენლის გამოყოფა, რომელიც ევროკავშირის სახელით ისაუბრებს თუნდაც რუსეთის ფედერაციასთან.
თუ წრფელი მოტივები ამოძრავებთ ევრო ბიუროკრატებს, როდესაც ისინი დღეს საუბრობენ დიალოგზე რუსეთის ფედერაციასთან, ეს იქნება პირდაპირ კავშირში იმ შედეგთან, რასაც ჰქვია ორმაგი სტანდარტების გადახედვა. ორმაგი სტანდარტები მათი მხრიდან ჯერჯერობით ძალაშია. სტანდარტებზე ლაპარაკი შეუძლებელია, ეს არის ყოველგვარ სტანდარტებს გაცდენილი ურთიერთობები და დამოკიდებულებები“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.





