ლევან ნიკოლეიშვილი: თუკი ნატოს წევრი ქვეყანა ნატოს წევრ მეორე ქვეყანაზე განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომ უსაფრთხოების არქიტექტურა მოიშლება, ჩნდება შეკითხვა - რა გვესაქმება ასეთ ორგანიზაციაში?
პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
რამდენიმე სცენარი შეიძლება ვნახოთ. ერთი სცენარის მიხედვით შესაძლოა ტრამპმა თავის საწადელს მიაღწიოს და ამისთვის მას ალბათ არ დასჭირდება დანიასთან შეიარაღებული კონფლიქტი. სამხედრო ქმედებები თუ იქნება, იქნება ძალის დემონსტრირების თვალსაზრისით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ნიკოლეიშვილმა.
„მეორე - უბრალოდ შესაძლოა მოლაპარაკება აწარმოოს იმ დონეზე, რომ სავაჭრო გარიგება შედგეს. ჩვენ ვნახეთ იგივე სცენარი ვენესუელაში, სადაც სამხედრო ოპერაცია ჩატარდა და მიზანი მიღწეულია - მადურო დაპატიმრებულია და აშშ ვენესუელის ნავთობს გააკონტროლებს“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.
ამ კონტექსტში მან ისაუბრა საქართველოზეც. მისი თქმით, ჩვენ ნატო-ში გაწევრიანება უსაფრთხოების გარანტიებისთვის გვინდოდა, თუმცა თუკი ამ ალიანსის უსაფრთხოების არქიტექტურა მოიშლება, გაჩნდება შეკითხვა - რა გვინდა ასეთ ორგანიზაციაში.
„მეორე საკითხია საინტერესო: ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფება, რომ ნატოს წევრი გავმხდარიყავით, იყო გამოწვეული იმით, რომ გვქონოდა უსაფრთხოების ქოლგის გამოყენების უფლება, მაგრამ თუკი ნატოს ერთი წევრი ქვეყანა ნატოს წევრ მეორე ქვეყანაზე განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომ ეს უსაფრთხოების არქიტექტურა გახდება მოშლილი, ჩნდება შეკითხვა - რა გვესაქმება ასეთ ორგანიზაციაში?“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.




